38218257_2073585349378263_2534581547080613888_o

ტურისტული ბილიკის პრეზენტაცია გელათში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტურისტულ რუკას ახალი მარშრუტი შეემატა. ,,გელათის მონასტერი - ცუცხვათის მღვიმოვანი - ახალსოფლის წყალსაცავის“ საფეხმავლო ბილიკის გახსნის საზეიმო ღონისძიება, გელათში, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა.   პრეზენტაციას იმერეთის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე-გუბერნატორი,  იოსებ ხახალეიშვილი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

  პროექტი „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა“, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, განახორციელა, რომლის ფარგლებშიც 24,4 კმ სიგრძის სალაშქრო ბილიკი მოეწყო. იგი სხვადასხვა ტიპის 14 ტურისტულ ობიექტს მოიცავს. მათ შორის, მონასტრებს, ციხეებსა და მღვიმეებს, რომლებიც ზღვის დონიდან 291 მ-ით დაწყებული 806 მ სიმაღლემდე მდებარეობს. მარშრუტის ტიპი საფეხმავლოა და სავარაუდო ხანგრძლივობა 9 საათს შეადგენს. გზადაგზა მოწყობილია 5 საბანაკე ადგილი და 5 გადასახედი მოედანი, დადგმულია ნიშნულები, განხორციელდა ბილიკის მარკირება. საწყის, ცენტრალურ და საბოლოო, განსაკუთრებული ინტერესის მქონე, ობიექტებზე განთავსებულია საინფორმაციო დაფები ტექსტური და ვიზუალური მასალით. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა ამ მარშრუტისათვის ქართულენოვანი რუკა. გეგმაშია ორენოვანი საინფორმაციო ცნობარების მომზადება.

  პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ პროექტის ავტორები და სტუმრები. აღნიშნა, რომ მისი მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივა იყო, რითაც გაცოცხლდა ისტორიული გზა. 40-მდე სოციალურად აქტიური ახალგაზრდის მონაწილეობით, გახსნის ღონისძიების შემდეგ, პირველი ლაშქრობა მოეწყო. ლიდერებთან ერთად ისინი გელათის მონასტერი - ცუცხვათის მღვიმოვანი - ახალსოფლის წყალსაცავის მარშრუტს შეუდგნენ, რომელმაც სტარტი გელათის ღვთისმშობლის წყაროცხოვრების სახელობის ეკლესიიდან აიღო. საკმაოდ გრძელ გზაზე პირველი ნაბიჯები მათ გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან ერთად გადადგეს. მოლაშქრენი დღის ბოლოს ცუცხვათის ციხესთან დაბანაკდებიან, კარვებითა და სხვა საჭირო ტურისტული აღჭურვილობით, რომელთა უზრუნველყოფაზე მუნიციპალიტეტის მერიამ იზრუნა. ხვალ მოხალისეები 25 კმ-იანი გზის დარჩენილ მონაკვეთს გაივლიან, რომელსაც ახალსოფელში, წყალდასავლის მღვიმესთან, დაასრულებენ.

  აღსანიშნავია, რომ „გელათის მონასტერი - ცუცხვათის მღვიმოვანი - ახალსოფლის წყალსაცავის“ საფეხმავლო ბილიკი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ პროექტის, „საქართველოს ტურიზმის სექტორში ჩართული ღარიბი თემებისა და მიკრო-მეწარმეების შესაძლებლობების გაზრდის“ ფარგლებში იაპონიის სოციალური განვითარების ფონდის დაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის ადმინისტრირებით განხორციელდა.

ნათია მურუსიძე