54798687_2536464703090323_7111465956609622016_o

სამთო ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითრების 4 წლიანი პროექტი

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში სოფლის ორგანული მეურნეობისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას დონორი ორგანიზაციები გეგმავენ. ამ მიზნით ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტებისა და GRETA-ს“  ხელმძღვანელები, ვახტანგ მშვიდობაძე და კარლ გიოპერტი, სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერს, თემურ ჩუბინიძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს, ნატალია კობახიძეს, გაცნობით ხასიათის ფორმატში შეხვდნენ. ოთხწლიანი პროექტის ღირებულება 6 მილიონ 800 ათას ევროს შეადგენს და 2019 წლიდან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და ზემო სვანეთის რეგიონების განვითარებას ითვალისწინებს, რომლის მიზანიც ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდაა. მას ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ერთობლივი დაფინანსებით ავსტრიის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

  პროექტის - „მწვანე ეკონომიკა, მდგრადი მთის ტურიზმი და სოფლის ორგანული მეურნეობა „GRETA-ს,“ ფარგლებში სამთო ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით მოხდება ადგილობრივი მიმწოდებლებისათვის ტურისტული სერვისების შეთავაზების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის  სისტემის ჩამოყალიბება, ამის საფუძველზე კი, სასტუმროებისა და სამთო-სამოგზაურო გიდების სერთიფიცირება. სოფლის ორგანული მეურნეობის განვითრების ფარგლებში პროექტი ითვალისწინებს შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, ამ საქმიანობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას.

  შეხვედრაზე, რომელსაც მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, კულტურისა და ტურიზმის სამსახურების ხელმძღვანელები და სხვა პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

ნათია მურუსიძე