215_5129_01.MP4.Still001

მერმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, პერმანენტული მონიტორინგის ფარგლებში, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა. მან, პირველ რიგში, მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოები მოინახულა, სადაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით სარეაბილიტაციო პროცესები ხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბეტონის საფარის დაგება გამსახურდიას N1-3, კოსტავას N11-ქუთაისის N1 - ქუჩების ეზოებში. აღნიშნულის გარდა, დარჩენილია მეშახტის N6 და ჯალაღანიას N9 ქუჩების კორპუსების ეზოთა კეთილმოწყობა. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია, შ.პ.ს. „მიმდემი,“ 586 ათას 892 ლარის ღირებულებით, აწარმოებს.
ასევე, რგფ-ის მიერაა, ასევე, დაფინანსებული ლიფტების აღდგენის პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს, ხუთი მრავალბინიანი კორპუსის, მათ შორის, ტყვარჩელის N32-ის, თაბუკაშვილის N14-ის, თბილისის N4-ის, ახობაძის N2-ისა და გამსახურდიას N22-ის ქუჩებს მოიცავს. ამ მისამართებზე არსებულ ძველ მექანიზმებს უკვე ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია, დამონტაჟდა რედუქტორები და ტროსები, ამ ეტაპზე დარჩენილია ელექტროსამუშაოები და დასამონტაჟებელია ლიფტის კაბინები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 100 ათას ლარს შეადგენს და მასზე სამუშაოებს შ.პ.ს. „ბერძელქვა“ ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ გასული წლისგან განსხვავებით, კორპუსების ამხანაგობას წელს ამ პროექტისათვის წილობრივი ფინანსური თანამონაწილეობა აღარ სჭირდება.
მუნიციპალიტეტის მერმა, ქალაქის შემოსასვლელში, მდინარე „ტყიბულას“ კალაპოტზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებიც დაათვალიერა. 1 კილომეტრი და 300 გრძივი მეტრი კალაპოტის გაფართოებას და ნატანი გრუნტისა და დალექილი უბნებისაგან მის გასუფთავებას შ.პ.ს. „სარტყელი,“ საავტომობილო გზების დეპატრამენტის დაკვეთით, აწარმოებს. პროექტის ღირებულება 71 ათას 428 ლარს შეადგენს. აქ 15 კაციანი ადგილობრივი მუშა-ხელით დაკომპლექტებული ჯგუფი და შვიდი ერთეული მძიმე ტექნიკა უკვე რამდენიმე დღეა, მუშაობს. თემურ ჩუბინიძე საქმის მწარმოებლებს გაესაუბრა და ცალკეული დეტალებითაც დაინტერესდა.

ნათია მურუსიძე