ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური ყოველდღიურად, თითქმის 24 საათიან რეჟიმში, აღრიცხავს და სწავლობს ჩვენთან არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. ბოლო ინფორმაციით კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა 189 შეადგინა, აქედან 10 - უახლესია. თუმცა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა უკვე 89-ია. თვითიზოლაციის პროცესს 286 პირი გადის. სამწუხაროდ, გარდაცვალების 2 შემთხვევაც - ამ საერთო სტატისტიკაშია.
აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანლის, მადონა ქასრაძის, განმარტებით დღევანდელი ციფრებით ეპიდაფეთქება არ გვაქვს, რადგან დიდი კლასტერები არსად ფიქსირდება, შემთხვევათა უმეტესობა გაბნეული, უფრო ოჯახური ხასიათისაა და ძირითადად მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესი სტაციონარის გარეშე, უმრავლეს შემთხვევაში, ბინაზე ხორციელდება.
რაც შეეხება ვითარებას სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში - 5-დან 19 ნოემბრის ჩათვლით N6 საჯარო სკოლა მთლიანად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. როგორც ქალბატონი მადონა განმარტავს, მიზეზი არა სკოლაში არსებული გართულებული ეპიდვითარება, არამედ საგაკვეთილო პროცესზე დასწრების დაბალი მაჩვენებელი იყო - 60-62% მოსწავლეებისა აცდენდა (დაავადების რისკების თავიდან ასაცილებლად). შედეგად სკოლის ადმინისტრაციამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად, მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.
„ნუ დავპანიკდებით, გვახსოვდეს, რომ ფსიქოლოგიურად დასტრესილი ადამიანის ორგანიზმს უფრო იოლად ერევა ყველანაირი ვირუსი და ინფექცია,“ - მოუწოდებს ჩვენს მოსახლეობას ქალბატონი მადონა.
დისტანციური სწავლების პროცესი დღეიდან, 17 ნოემბრის ჩათვლით, ხორციელდება N7 საჯარო სკოლაშიც, სადაც კოვიდ 19 ერთ მოსწავლესა და ერთ პედაგოგს დაუდასტურდათ, თუმცა მათი ინფიცირების წყარო სხვადასხვაა. ონლაინ რეჟიმზე არიან, უკვე მეორე კვირაა, გელათისა და საწირის საჯარო სკოლები.
კორონავირუსისაგან თავის დასაცავად რეკომენდაციები უცვლელი რჩება: ერთმანეთისაგან დისტანცირება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხელების ხშირი დაბანა და პირბადის ტარება შინ თუ გარეთ. გარდა ამისა, მეტი პასუხისმგებლობა საკუთარი თუ სხვისი ჯანმრთელობის მიმართ.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია