„ზაფხულის ღამის კინოჩვენება“ განახლდა

ტყიბულში, შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრის სცენაზე, „ზაფხულის ღამის კინოჩვენება“ დაიწყო. ამჯერად, მაყურებელს საშუალება ჰქონდა, მელოდრამა, „ორი ნაბიჯით შორს,“ რომელიც ჯასტინ ბალდონის რეჟისურით შეიქმნა, დიდ ეკრანზე, ღია ცის ქვეშ, ენახა. პროექტის განხორციელება ჩვენს ქალაქში ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, ფინანსური მხარდაჭერით წინა ზაფხულს დაიწყო, რომელიც, ისე, როგორც გასულ, მიმდინარე წელსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით მიმდინარეობს. მისი მიზანი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, კლასიკური კინომატოგრაფიის პოპულარიზება, გართობისა და შემეცნების პოზიტიური ალტერნატივის შეთავაზება და ამისათვის შესაბამისი სივრცის მოწყობაა. სასახლის ამფითეატრის სცენაზე შემდეგი კინოჩვენებები 5; 6; 11; 12 და 13 აგვისტოს, 20:30 საათზე დაიწყება. აქ ბავშვებისა და მოზარდი მაყურებლისათვის მსუბუქი ჟანრისა და ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება.

მარი ბაბუხადია

კომენტარები გამორთულია