57467872_2581286465274813_1419615402907926528_o

ვლადი ბოჭორიშვილი „ეტალონის“ გამარჯვებულია

  ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის, „ეტალონის,“ მეორე ეტაპი ტყიბულის მოსწავლეთა შორის, N6 საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა, რომელშიც 22 საჯარო სკოლის, VIII-XII კლასების, 78 წარმომადგენელი მონაწილეობდა. უკვე მეოთხე წელია, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტი აქტიურადაა ჩართული აღნიშნულ პროექტში, რომლის მიზანიცაა, სწავლა-განათლებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით, უფრო მეტად, ახალგაზრდების კრეატიულად და თამაშ-თამაშით დაინტერესება-მოტივირება. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან განათლებული თაობის მიმართ პერმანენტული და მიზანმიმართული მხარდაჭერა.

  ტესტირების პირველი ეტაპი უშუალოდ სკოლებში ჩატარდა, სადაც გამოვლინდნენ მეორე ეტაპის ღონისძიების მონაწილენი. პროექტის ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა, შარშანდელ გამარჯვებულს, ლუკა ფორჩხიძეს, რუსთაველის თეატრში ფინალური შეხვედრის ამსახველი სამახსოვრო ფოტო და სკოლის ღირსეული წარმოჩენისათვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა, ხოლო მის მშობლიურ N1 საჯარო სკოლას კი, დიპლომი - „ეტალონი“ მოსწავლის აღზრდისათვის.

  ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელი, ირინე კორძაია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი, ალეკო ბიბილაშვილი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, თემურ ქელბაქიანი, ესწრებოდნენ. ასევე, საჯარო სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.

  თამაშის მსვლელობისას 20 შეკითხვა დაისვა, ოთხი სავარაუდო პასუხით. თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შექმნილი პროგრამის მეშვეობით მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის გამოვლენის შესაძლებლობა მიეცათ. საუკეთესო შედეგების მქონე 9 მონაწილე საჯაროდ დასახელდა და მასთან სამსახსოვრო ფოტოებიც იქნა გადაღებული, ხოლო პირველ სამეულს დიპლომები გადაეცა. საუკეთესო შედეგი კი, 83 ქულით 189 წამში, N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ, ვლადი ბოჭორიშვილმა, აჩვენა და „ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“ გახდა. აღსანიშნავია, რომ უკვე ზედიზედ მესამე წელია, ამ ტიტულს პირველსკოლელები იღებენ. ინტელექტ-ჩემპიონატში მეორე ადგილზე მეექვსე საჯარო სკოლელი, ლიზი ჯანელიძე, ხოლო მესამეზე - N1 სკოლელი, მარიამ გურაბანიძე, გავიდა.

  როგორც პროექტის ავტორმა განაცხადა, წელს „2018-19 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად ფინალური ტური 15 ივნისს, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ღია ცის ქვეშ, გაიმართება.

ნათია მურუსიძე