215_4363_01.MP4.Still001

ელენა გურეშიძე კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულია

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, საჯარო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეთა შორის, კალიგრაფიის კონკურსი მოაწყო. ღონისძიება შოთა რუსთაველის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში წერის კულტურის განვითარებას, შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას, ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნებას, ლამაზად წერის ხელოვნების პოპულარიზაციას.

  კონკურსში ჩართული იყო ჩვენი მუნიციპალიტეტის ქალაქისა და სოფლების საჯარო სკოლების 19 მოსწავლე. მათ „ვეფხისტყაოსნიდან,“ თავიანთი სურვილით შერჩეული, ერთი სტროფი გადაწერეს. ჟიურის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, თავმჯდომარეობდა, რომლის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ: მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, ხელმძღვანელები და სხვა წარმომადგენლები. ასევე, საჯარო სკოლების მასწავლებლები.

  საუკეთესო კალიგრაფიის შეფასებისას გათვალისწინებულ იქნა, თუ რამდენად ასახავდა ხელნაწერი ქართული ანბანის განსაკუთრებულობას, სილამაზესა და ორიგინალურობას. რომლის მიხედვით გამოვლინდა გამარჯვებული - ელენა გურეშიძე (N6 საჯარო სკოლა, XII კლასი), II ადგილი - თეონა სოფრომაძემ (N6 საჯარო სკოლა, XII კლასი), III კი - სოფიო ჩაფიძემ (N5 საჯარო სკოლა, XIკლასი) დაიკავეს. გარდა ამისა, დასახელდა ჟიურის სიმპათია - თეონა იდაძე (გელათის საჯარო სკოლა, X კლასი), რომლებიც მერიისაგან წიგნებით დასაჩუქრდნენ, ხოლო სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდა, ასევე კონკურსის ყველა მონაწილე, მასში ჩართულობისათვის.

  აღინიშნა, რომ I ადგილის მფლობელის, ელენა გურეშიძის, ნამუშევარი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თვალსაჩინო ადგილას გამოიფინება. ჩანაწერთა წიგნში კი მონაწილეთა სახელობითი სია განთავსდება. კალიგრაფიის კონკურსი ყოველწლიურად დედა ენის დღეს გაიმართება. ღონისძიებას ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის და ტურიზმის განვითარების სამსახურმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად გაუწია.

მარი ბაბუხადია