215_3940_01.MP4.Still001

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ კამპანია განახლდა

  როგორც მთელ ქვეყანაში, ისე ტყიბულის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აქტიური კამპანია გრძელდება. 2019 წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში გაიმართა, რომელსაც მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის მოადგილეები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოში და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. პროგრამის დეტალები შეკრებილ საზოგადოებას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცვნეს.

  ტყიბულში მავნებელთან ბრძოლის გასააქტიურებლად ხუთკაციანი სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელსაც მერის წარმომადგენელი კურსების ადმინისტრაციულ ერთეულში, ხატია ბეროძე, ხელმძღვანელობს. როგორც გაირკვა, უახლოეს დღეებში დაიწყება მონიტორინგის პროცესი, - თითოეულ სოფელში ცალკეულ ოჯახებში შესწავლილი იქნება ფაროსანების ოდენობა, რისი ანალიზის შემდეგაც უკვე აპრილის დასაწყისში მოხდება ფერომონების (ხაფანგების) დაყენება. შარშანდელისაგან განსხვავებით აღნიშნული ხაფანგების, ასევე, სპეცტექნიკის რაოდენობა, მნიშვნელოვნად გაზრდილია. მაისის თვეში კი, თერმული ნისლის შეფრქვევით განხორციელდება წერტილოვანი შეწამვლები ერთდროულად მთელ მუნიციპალიტეტში. მოსახლეობას კი გამაფრთხილებელი შინაარსის შეტყობინებები წინასწარ გაეგზავნება.

  აღინიშნა, რომ 2018 წლის გამოცდილებით კამპანიაში არსებული ხარვეზები მაქსიმალურად არის გამოსწორებული. გამოითქვა მოსაზრებები, რომ გასული წლის შეწამვლის შედეგებით მოსახლეობა უკმაყოფილობას გამოხატავდა დაბალი შედეგების გამო და ასევე, იმიტომ, რომ მეპატრონეებს ფუტკარიც დაეხოცათ. თუმცა, წელს დასანერგ სიახლეებში განსაზღვრულია ფუტკრის განთავსების ადგილებზე სპეციალური ნიშნების მოწყობა. გარდა ამისა, წამლის შეფრქვევა დღის 20-21 საათის შემდეგ მოხდება, როცა აღნიშნული მწერი უკვე დაბინავებულია.

  საინფორმაციო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მჭიდრო კოორდინაციასა და აქტიურ ურთიერთთანამშრომლობაზე, რათა გაცილებით ეფექტური იყოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები.

ნათია მურუსიძე