ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოველკვირეულ თათბირზე გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური საუკეთესოდ დაასახელა და ასეთი შეფასება მას ეფექტური და წარმატებული მუშაობისათვის მისცა. საყურადღებოა, რომ უკვე ორჯერ, ჯერ 2016 წელს და შემდეგ კი - 2017 წლის 6 თვის (პირველი ნახევრის) მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში საკრებულოს მიერ დადებითად იქნა შეფასებული.
აღნიშნული სტრუქტურული ერთეული 2014 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს, რომელიც უზრუნველჰყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების, შპს-ებისა თუ ა.(ა).ი.პ.-ების საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვას შიდა აუდიტორული შემოწმებისა და მონიტორინგის მეშვეობით.
სამსახურის უფროსი - ოლეგ ქარქაშაძე, რომელიც ხუთ თანამშრომელთან, მათ შორის, შიდა აუდიტის განყოფილების უფროსთან, მერაბ ბაბუხადიასთან, ერთად უძღვება სტრუქტურის მართვას, დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინაშე არსებული რისკების დადგენასა და შეფასებას. 2014 წლიდან დღემდე, სამსახურის სტატისტიკით, 21 აუდიტორული დასკვნაა მომზადებული, სადაც ჩატარდა მონიტორინგი. აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრისა და მათი საქმიანობის სრულყოფის მიზნით შემუშავებულია რეკომენდაციები და წინადადებები და ასევე, ხდება მათზე კონტროლი.
ოლეგ ქარქაშაძე მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახურის საუკეთესოდ დასახელებას მადლიერებით პასუხობს და აცხადებს:
„სამსახური, რომ გამართულად მუშაობს და წარმატებები აქვს, უდიდესი წვლილი მუნიციპალიტეტის გამგებელს, რობიზონ გვენეტაძეს, მიუძღვის. იგი გვეხმარებოდა არსებული პრობლემების დაძლევაში. საკრებულოს შემადგენლობასთან ერთად ჩვენს მუშაობას ობიექტურად აფასებდა და ეს მხარდაჭერა იყო სტიმული, რომელიც გარკვეული წარმატების მიღწევის სურვილს გვიჩენდა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვიმუშაოთ კვალიფიციურად, მაღალპროფესიონალურად, პრინციპულად და ობიექტურად. ზედმიწევნით ვიცავთ აუდიტორების ეთიკის კოდექსს და საქართველოს კანონს, შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ."
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია