ტყიბულში соvid ინფიცირების კიდევ ერთი, 90-ე, შემთხვევა გამოვლინდა

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში გასული დღე-ღამის განმავლობაში სტაბილური ეპიდვითარება იყო შენარჩუნებული, რადგან covid 19-ით დაინფიცირების ახალი ფაქტი არ დაფიქსირებულა. თუმცა დღეს დაავადების საერთო მაჩვენებელს ერთი ახალი შემთხვევა დაემატა და ამ ეტაპისათვის სტატისტიკა შემდეგია: 90 - დადასტურებული ფაქტი, 243 პირი - შიდაიზოლაციაში, ხოლო 42 - გამოჯანმრთელებული. აღსანიშნავია, რომ N2 საჯარო სკოლაში 26 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ აქ ვირუსის გამოვლენის შემდეგ 39 კოვიდდადებითი შემთხვევა იყო აღრიცხული, რის გამოც სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

  ამ ეტაპზე მხოლოდ N6 საჯარო სკოლაში ერთი ჯგუფი (მეორე კლასი) გადასულია ჰიბრიდულ სწავლებაზე, სავარაუდოდ, 12 დღით, ვინაიდან 23 ოქტომბერს აქ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა covid 19-ით დაინფიცირების ფაქტი, რაც შიდა გავრცელებას (ოჯახში) უკავშირდება.

  ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის, ირინე კორძაიას, განმარტებით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლა, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები, 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით სრულად დისტანციური სწავლების მოდელზე გადავა.

  ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მადონა ქასრაძე, მოსახლეობას კვლავ მოუწოდებს გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ღია და დახურულ სივრცეებში გამოიყენოს პირბადე, დაიცვას ჰიგიენის წესები და მოერიდოს თავშეყრის ადგილებს.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.