ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისს ახორციელებს

   ტყიბულის მუნიციპალიტეტში უკვე ერთი წელია, ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისი ხორციელდება, რომელიც  მიზნად ისახავს მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნას. პროგრამაში  ქალაქად და  სოფლად 30 ბენეფიციარია ჩართული. თითოეულ მათგანს  კვირაში ერთხელ,  ხოლო საჭიროების შემთხვევაში  ორჯერ მიეწოდება საყოფაცხოვრებო და  ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების სერვისი.

    მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ახლახანს  პროგრამას დაემატა პროდუქტებით უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს  ხანდაზმულთათვის თვეში ერთხელ  საჭირო საკვები პროდუქტების მიწოდებას.პროგრამის ამოქმედების დღიდან ბენეფიციარებთან შედგა 897 ვიზიტი და მის  განხორცელებაში ჩაერთო 64 მოხალისე.

     გასულ წელს ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისის მიწოდება, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით,  არასამთავრობო ორგანიზაცია - „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდმა,“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  ფარგლებში, მიღებული დაფინანსებით დაიწყო.  მიმდინარე წლის მარტიდან კი მერია პროექტს დამოუკიდებლად ახორციელებს.

 

კომენტარები გამორთულია