47342430_2310880825648713_927072341563801600_o

სტიქიისაგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

  30 ნოემბერს განვითარებული სტიქიური მოვლენის, ძლიერი ქარის, შედეგად ტყიბულის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. ადგილობრივი შესაბამისი კომისიის მიერ შესწავლილ იქნა დაზიანებული ობიექტების მდგომარეობა და დადგინდა მიყენებული ზარალის სავარაუდო ოდენობა, რომელიც, ამ დროის მონაცემებით, 760 ათას, ლარს შეადგენს.

ძლიერმა ქარმა სოფელ სოჩხეთში ცნობილაძეების სახლი მთლიანად დაანგრია, ხოლო მუნიციპალიტეტის მასშტაბით 30 ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, ასევე, ქალაქში 30 მრავალბინიან კორპუსსა და გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 9 შენობა-ნაგებობას სახურავი გადახადა, რიგ შემთხვევაში კი, ნაწილობრივ დაუზიანა.

  საქართველოს მთავრობამ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, შექმნილი პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები ოპერატიულად გაატარა. მოსახლეობისათვის სახურავის მასალების გადაცემა უკვე მიმდინარეობს. მათ დარიგების პროცესსა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცვნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, გიგი კობიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დავით გორდელაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

  სტიქიისაგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 760 ათასი ლარიდან 360 ათასი - სახურავების მასალისათვის, ხოლო 400 ათასი ლარი კი, მასშტაბური დაზიანებების აღმოსაფხვრელი სამუშაოებისათვის განისაზღვრა. იქ, სადაც დაზარალებული მოსახლეობა თავიანთი ძალებით ვერ ახერხებს მიყენებული ზიანის აღმოფხვრას, შესაბამის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეული კერძო კომპანიები  განახორციელებენ.

მარი ბაბუხადია