საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული - 2018“ გაიხსნა

  საჭადრაკო ფესტივალი „ტყიბული - 2018“ გაიხსნა, რომელიც ჩვენს ქალაქში ყოველწლიურად ტრადიციულად ტარდება. აღსანიშნავია, რომ ის წელს უკვე მეათედ იმართება.

  ტურნირი საქართველოს, იმერეთისა და ტყიბულის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

  მუნიციპალიტეტის თეატრის ვერცხლის დარბაზში გამართულ გახსნის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ: მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, სპორტული ცენტრისა და კულტურის ობიექტების გაერთიანების წარმომადგენლები, მოჭადრაკეთა მწვრთნელები და მშობლები.

  ფესტივალში, როგორც იმერეთიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, სულ 80-მდე მონაწილეა ჩართული, როგორც - ვაჟები, ისე - გოგონები. მოჭადრაკეები 8, 10 და 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში არიან გადანაწილებულნი, მათ შორის, 30-მდე მოასპარეზე ტყიბულიდანაა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ფესტივალის ფარგლებში ტარდება ღია ტურნირი, მასში მონაწილეობს 13 მსურველი (მიუხედავად ასაკისა) მათ შორის, მოჭადრაკეები და მწვრთნელები.

  ტურნირს მთავარ მსაჯობას, საერთაშორისო არბიტრი, ალექსანდრე არსენიძე უწევს.

  შეჯიბრება შვეიცარული სისტემით, 7 ტურად, იმართება. ის ყოველდღიურად ჩატარდება და 27 აგვისტოს დასრულდება. ამავე დღეს გაიმართება გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოების ღონისძიება.

  აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით I, II და III ადგილებზე გასულ გოგონებსა და ვაჟებს, ასევე, ღია ტურნირში გამოვლენილებს ფულადი პრიზები, თასები, მედლები და დიპლომები გადაეცემათ. დებულების მიხედვით ფულადი თანხა გადაეცემათ მათ მწვრთნელებსაც.

მარი ბაბუხადია

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.