215_0599_01.MP4.Still106

იმერეთში ახალი, ევროსტანდარტული ნაგავსაყრელი აშენდება

იმერეთში არსებული ნაგავსაყრელები მხარის გუბერნატორთან, შავლეგო ტაბატაძესთან და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმერეთში მოქმედმა ჟურნალისტებმა დაათვალიერეს.

როგორც იმერეთის მხარის რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ ჟურნალიტებს განუცხადა, არსებული ნაგავსაყრელების ევროპული სტანდარტების მქონე ნაგავსაყრელით ჩანაცვლება მნიშვნელოვანია.

,,თქვენ საკუთარი თვალით ნახეთ, რა მდგომარეობა არის სამტრედიისა და ნიკეას უბნის ნაგავსაყრელზე და როგორ ბინძურდება გარემო მრავალი წლის მანძილზე. ხდებოდა ნარჩენების დაწვა და მიმდებარე დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ფანჯრებს სუნის გამო დღესაც ვერ აღებს. ხედავთ, რომ ამ ტერიტორიებზე ისევ საშინელი მდგომარეობა არის. დამეთანხმებით, რომ ასეთ ნაგავსაყრელებს სჯობს ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობა, რომელიც იქნება ძალიან მაღალი გარემოსდაცვითი  და ჯანდაცვის სტანდარტების და ის დისკომფორტი, რასაც ახლა განიცდის სამტრედიისა და ნიკეას მოსახლეობა, არ იარსებებს“, - განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, რეგიონული ნაგავსაყრელის პროექტი ქუთაისში არსებული ე.წ. ნიკეას დასახლებისა და რეგიონის სხვა ნაგვსაყრელების დახურვას ითვალისწინებს. მათივე თქმით, ქუთაისის მიმდებარედ ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. მშენებლობაზე, სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება.

პროექტი ხორციელდება ქართულ-გერმანული მხარეების ფინანსური თანამშრომლობით. ადგილობრივ კონტრიბუციასთან ერთად, პროექტის დონორები არიან: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის EU-NIFF გრანტი. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონი ევროა.

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს, რომელიც 2012 წელს შეიქმნა.

ამ კუთხით, ქვეყნის მასშტაბით, 2023 წლისთვის, არსებულ, ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს, 8 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ჩაანაცვლებს. ამ პროექტების განხორციელებით გაუმჯობესდება რეგიონების საცხოვრებელი პირობები. ნარჩენების მართვის კოდექსის და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ნარჩენების მართვის სისტემა იქნება ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა პრეზენტაცია ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის პროექტის შესახებ, რომელიც ქუთაისში აშენდება.