იმერეთის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებთან დაკავშირებულ ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია თურნავა, სოფელ ორპირში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი, ჯაბა ხმალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ასევე, აღნიშნული კომპანიის სხვა წარმომადგენლები.
როგორც ადგილობრივებთან მინისტრის მოადგილემ განაცხადა, 2019-21 წ.წ. სამწლიანი გეგმის შესაბამისად, სოფელ ორპირის გაზიფიცირება 2019 წელს დაიწყება. ბუნებრივი აირის ქსელში მომავალ წელს გელათისა და მოწამეთის დარჩენილი უბნებიც ჩაერთვებიან.
„გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ცენტრალური მაგისტრალი ორპირთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ამდენად მისი ჩართვა გაზის ქსელში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა შედარებით მოკლე პერიოდშია შესაძლებელი. ამასთან, ნათია თურნავამ, განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მუშახელი იქნება, რაც დამატებით სარგებელს მისცემს ტყიბულის მუნიციპალიტეტს. ამჟამად გაზიფიცირება სოფელ საწირეში მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვას 280 კომლი შეძლებს.
2019-21 წ.წ. სამწლიანი გეგმის მიხედვით იმერეთის რეგიონის 18 სოფელში დაიწყება გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები.
მარი ბაბუხადია
2 thoughts on “სოფელ ორპირის გაზიფიცირება იწყება”
კომენტარები გამორთულია