66262801_2324283790996743_3777077467978661888_o

სამხარეო ადმინისტრაციაში 2020 წელს დასაფინანსებელი პროგრამების განხილვა შედგა

 იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, ზვიად შალამბერიძე, მოადგილე, ბესიკ გოფოძე, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ. აღნიშნულ შეხვედრაზე სახელმწიფო ბიუჯეტით 2020 წელს დასაფინანსებელ პროგრამებზე იმსჯელეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, დეტალურად ისაუბრა სამოქმედო გეგმაზე, პროექტების დაფინანსებასა და ასევე, - თუ რა მასშტაბური სამუშაოების განხორციელება იგეგმება იმერეთის რეგიონში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სოფლის პროგრამების მხარდაჭერაზე, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მოწესრიგებაზე, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და კიდევ სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებების დაფინანსებაზე.

დღესვე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს სხდომაც გაიმართა, სადაც 2018-2020 წლების ინფრასტრუქტურული პროექტების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამტრედიის, თერჯოლის, ბაღდათის, საჩხერის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შევიდა.