215_4127_01.MP4.Still003

საკრებულოს სხდომაზე 5 პროექტი განიხილეს

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს დეპუტატები, თანამომხსენებლები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღის წესრიგით 5 საკითხის განხილვა მოხდა, რომელთაგან ორი - 2019 წლის 19 მაისის შუალედურ არჩევნებს უკავშირდებოდა. თვითმმართველი ერთეულის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საარჩევნო ღონისძიებების გამართვის მიზნით, საარჩევნო სუბიექტებზე უსასყიდლოდ გამოყოფილი იქნება ტყიბულის კულტურის ცენტრის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა და ხელოვნების სკოლის შენობები. ასევე, განისაზღვრა ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში სააგიტაციო მასალის განთავსება-გაკვრისათვის ნებადართული ადგილების ჩამონათვალი.

  კიდევ ორი განკარგულების პროექტი მუნიციპალიტეტის საკუთრებში არსებული ქონების საპრივატიზაციო ნუსხაში ცვლილებების შეტანასა და ასევე, საპრივატიზაციო გეგმის დამტკიცებას შეეხებოდა. დანართს დაემატა შემდეგი დასახელების უძრავი და მოძრავი ქონება: ქ. ტყიბულში, გორგიძის ქ. N20-ში განთავსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით. გარდა ამისა, - ავტომანქანები ნივა ვაზ 21214 და OPEL VEQTRA.

  მეხუთე საკითხად საკრებულომ ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიენების“ დირექტორის 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომლის პრეზენტაციაც სამსახურის ხელმძღვანელმა, სლაიდების სახით ეკრანზე თანდართული ფოტო-მასალითა და დიაგრამებით, წარმოადგინა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაწეული სამუშაოსა და განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია დეტალურად იქნა განხილული. მათ შორის, ა.(ა).ი.პ-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებიც, რომელიც 135 რესპოდენტს შორის, ონლაინ კითხვარისა და პირისპირ ინტერვიუს ფორმატში, განხორციელდა. ადგილობრივებმა თავიანთი პოზიციები დასუფთავების, გარე-განათების, საქალაქო ტრანსპორტისა და სხვა სერვისების თაობაზე კითხვარებში დააფიქსირეს, რომლის მიზანიც კომუნალური გაერთიანების საქმიანობის წარმატებული თუ დეფექტური მხარეების შესახებ მოსახლეობის პოზიციების გაგება იყო.

     დეპუტატებმა წარმოდგენილ ხუთივე საკითხს თანმიმდევრობით უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს.

ნათია მურუსიძე