1111111111

საკრებულოს სხდომაზე 5 პროექტი მიიღეს

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, დეპუტატები,  თანამომხსენებლები და მაჟორიტარის ბიუროს უფროსი ესწრებოდნენ. საპატიო სტუმრების სტატუსით აქ მოწვეულნი იყვნენ „თავისუფლების სკოლის“ მოსწავლეები. როგორც სწავლაში, ისე სოციალური აქტივობითაც გამორჩეული, 16 წარჩინებული ახალგაზრდა და სკოლის ხელმძღვანელი, თამარ ლაფერაძე, სხდომის დაწყებამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, სამეცნიერო და ფსიქოლოგიური მიმართულების წიგნებით, მერიისა და საკრებულოს სახელით, დაასაჩუქრეს.

  დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხიდან პირველი იყო განკარგულების პროექტი, რომელიც ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსმა, ზაზა ზოსიაშვილმა, წარმოადგინა. 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ. მან მოკლე შეჯამება გააკეთა და ისაუბრა იმ ძირითად მიმართულებებზე, რაც 2018 წლიდან გარდამავალი პროექტების სახით ამჟამად ხორციელდება და ასევე, 2019 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსებული, ადგილობრივი ბიუჯეტისა და მთავრობის მიერ ცალკეული განკარგულებებითა თუ დადგენილებებით გამოყოფილი სუბსუდიების ხარჯვა წელს რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, მათ შორის, განხორციელდება სოფლისა და ქალაქის შიდა გზების, გელათის მონასტერთან მისასვლელი გზის, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებისა და ლიფტების, ქალაქის N2 და გელათის საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია და კიდევ არაერთი პროექტი.

  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, თემურ ცქიფურიშვილმა, 2019 წლის პროგრამულ ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა. შემოსავლების ნაწილში მიღებული  195,7 ათასი ლარი, როგორც არაკლასიფიცირებული შემოსავალი, გადანაწილდა ხარჯვით ნაწილში და გაიზარდა ცალკეული მუხლები. გარდა ამისა, ბიუჯეტს დაემატა ახალი კოდი - ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამა - 30,5 ათასი ლარით.

  დეპუტატებმა მოისმინეს, ასევე, ინფორმაცია 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი სოციალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ, რომელიც სამსახურის უფროსმა, ნელი ქარელმა, წარმოადგინა. მან ფაქტიურად შესრულებული სამუშაოები ქვეპროგრამებსა და სოციალურ სერვისებზე, იანვრიდან 15 მაისის ჩათვლით, ცალ-ცალკე წარმოადგინა.

  კიდევ ერთი განკარგულების პროექტი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი უძრავი ქონების გასხვისებაზე თანხმობის მიცემას შეეხებოდა, ხოლო მეორე - მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმაში ცვლილებების შეტანას.

  საკრებულომ ყველა პროექტი კენჭისყრით მიიღო.

ნათია მურუსიძე