მოსახლეობას უნდა დავუბრუნოთ სამართლიანობისა და თანასწორობის განცდა

   პარტია „საქართველოსთვის“ ტყიბულის მერობის კანდიდატი, სანდრო სახვაძე, დაიბადა 1995 წელს ქ.ტყიბულში. პროფესიით იურისტია. მან განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამერიკის შეერთებული შტატების ჩიკაგოს კენტის კოლეჯში - ბიზნეს სამართლის მიმართულებით.

  მას აქვს არაერთწლიანი სამუშაო გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორში, როგორც იურისტის, ასევე, მენეჯერულ პოზიციებზე. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

  ამჟამად გახლავთ სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურისტი. ასევე, შპს კერძო სკოლა „ინტელექტის“ სასამართლო წარმომადგენელი და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი.

  - რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი, მიგეღოთ გადაწყვეტილება, რათა კენჭი გეყარათ მერობის ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე?

  - ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერობის პოზიციის დაკავება დიდ პასუხისმგებლობას უკავშირდება. სწორედ ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, მთელი ცხოვრება მჭიდრო კავშირი მაქვს მასთან, საკმაოდ დიდ დროს ვატარებ ტყიბულში, კარგად ვიცი და მესმის იმ პრობლემების შესახებ, რაც დღეს 21-ე საუკუნეში ისევ აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას. სწორედ სურვილმა, რომ წვლილი შევიტანო ტყიბულის მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ხელი შევუწყო მოსახლეობას არსებული ყოფითი და აუცილებელი პრობლემების გადაჭრაში, გადამაწყვეტინა კენჭი მეყარა მერობის ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე. 

  - ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული ყველაზე გლობალური 3 პრობლემა, რომელიც დაუყოვნებელ გადაჭრას მოითხოვს. 

  - დღეს არსებული მდგომარეობის მიხედვით ტყიბულის მუნიციპატილიტეტში საკმაოდ ბევრი პრობლემის გამოკვეთაა შესაძლებელი. მიჭირს მათგან ცალკე გამოვყო სამი - ყველაზე გლობალური, რადგან ის პრობლემები, რომლებიც დღეს ამ ქალაქში ჯერ კიდევ არსებობს, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

  სხვა ძირითად საკითხებთან ერთად პირველ რიგში, აღსანიშნავია უმუშევრობა და ცხოვრების რთული პირობები (წყლის პრობლემა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროულად გატანა/დასუფთავება, უპატრონო აუცრელი ცხოველების სიმრავლე). ასევე, სოფლებში არსებული მოუწესრიგებელი შიდა გზები და განათება. გარდა ამისა, გზების პრობლემა იკვეთება მნიშვნელოვანი ობიექტების დაკავშირებისას. სოფლებსა და ქალაქში მოზარდებსა და ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა კეთილმოწყობილო სპორტულო მოედანებითა და სხვა გასართობი ობიექტებით ისარგებლონ (ან არ არსებობს, ან არსებობს და თვითმმართველი ორგანო არ აძლევს სარგებლობის უფლებას).           

- რა გეგმებით მოდიხართ?                

  - როგორც უკვე აღვნიშნე, ტყიბულის მუნიციპალიტეტი არაერთი გლობალური პრობლემის წინაშე დგას. მათი მოგვარება და ქალაქის განვითარება დღის წესრიგის მთავარი საკითხია. მოსახლეობაში არსებული პრობლემების მოსმენა, გაზიარება და მათი გადაჭრის გზების ძიება მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

  პირველ რიგში, უნდა შემცირდეს არამიზნობრივი ხარჯები და ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

  მერიის სამსახურმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მიიღოს რაც შეიძლება მეტი, როგორც სახელმწიფო, ისე უცხოური, გრანტები, სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრის მიზნით.

  მაქსიმალურად ვეცდები, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ყოფითი და ყოველდღიური პრობლემების მოგვარების პარალელურად ტყიბული გახდეს მიმზიდველი ქალაქი, როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის, რაც გამოიწვევს ტყიბულის მუნიციპალიტეტში უმუშევრობის შემცირებას და ბიუჯეტის გაზრდას. 

- რას ჰპირდებით ტყიბულის მოსახლეობას?        

  - დღეს, როდესაც დავდივარ სოფლებში, კარდაკარ და ვხვდები ტყიბულის მოსახლეობას, იკვეთება საკმაოდ ბევრი პრობლემა, რომლის აღმოფხვრაშიც მათ მუნიციპალიტეტის დახმარება სჭირდებათ.

  არსებული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია ბიუროკრატიის შემცირება და ბიუჯეტიდან განაწილებული თანხების, მოსახლეობის ინტერესებისა და მუნიციპალიტეტის მიზნებისათვის, სწორად გახარჯვა.

  ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საქმიანობა გახდეს გამჭვირვალე, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა (მერიის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში) და შეიქმნას ღირსეულად ცხოვრების ყველა შესაძლებელი პირობა, შესაბამისად, მოსახლეობა შეიგრძნობს სამართლიანობისა და თანასწორობის განცდას.

- როგორია ამ "მარათონში" თქვენი გამარჯვების ფორმულა?

  - გამარჯვების მოსაპოვებლად, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად, თითოეულ ოჯახთან შეხვედრა და მათი ნდობის მოპოვება მიმაჩნია. მნიშვნელოვანია საზოგადოებას გავაცნო ჩემი ხედვები და გეგმები მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით და გავიზიარო მათი შეხედულებები. მაქსიმალურად ვეცდები სოციალური ქსელის დახმარებით ტყიბულის მოსახლეობას (ძირითადად ახალგაზრდობას) გავაცნო საკრებულოსა და მერიის მნიშვნელობა, მათი ფუნქცია-მოვალეობები საზოგადოების წინაშე.

 

ესაუბრა ნანა რაზმაძე

53 thoughts on “მოსახლეობას უნდა დავუბრუნოთ სამართლიანობისა და თანასწორობის განცდა

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.