2211

კურორტ „ცხრაჯვარის“ განაშენიანების გეგმის პრეზენტაცია საკრებულოში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულების პროექტი კურორტ „ცხრაჯვარის“ ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმისა და ტერიტორიის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ.

   თვითმმართველობის წარმომადგენლებს სრულყოფილი გეგმა პროექტის ავტორმა, მთავარმა არქიტექტორმა, გიორგი კერესელიძემ, გააცნო. იგი დამუშავებულია ა.(ა).ი.პ. „რეგიონული განვითარებისა და კვლევების საერთაშორისო ფონდის“ მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაკვეთით. დოკუმენტის შემუშავების პროცესი ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, 2018 წლიდან, მიმდინარეობს. შემსრულებლის შერჩევა მოხდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე. დოკუმენტის საბოლოო ვერსია კორექტირებულია საავტორო ჯგუფის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეკომენდაციებისა და ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის წერილში მითითებული შენიშვნებისა თუ პრეზენტაციებზე გამოთქმული წინადადებების გათვალისწინებით.

  კურორტ „ცხრაჯვარის“ ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ტერიტორია განთავსებულია დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

   მნიშვნელოვანია, რომ კურორტს უდავოდ გააჩნია ეკონომიკური განვითარებისა და            ტურისტული მიზიდულობის ცენტრების იერარქიაში ღირსეული და მნიშვნელოვანი ადგილის მოპოვების პოტენციალი. დღეისათვის მას მრავალი ადამიანი სტუმრობს. ის განსაკუთრებით ეფექტური ვიზუალური გარემოთია ცნობილი.

  წინასწარი მონაცემებით აქ კომპლექსის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში 100-110 ადამიანი დასაქმდება. გეგმის თანახმად უნდა მოეწყოს ტურისტულ-რეკრეაციული, გასართობი, კულტურული, სპორტულ-შემეცნებითი და სხვა ზონა. პროექტის ავტორის თქმით, მისი განხორციელების სავარაუდო ჯამური ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენს.

მარი ბაბუხადია