215_5784_01.MP4.Still001

განათლების მინისტრმა „ბოლო ზარი“ კურსდამთავრებულებს ტყიბულიდან მიულოცა

  დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა. აღნიშნული ვიზიტი ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, ინიციატივით შედგა. სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, ტყიბულისა და თერჯოლის საჯარო სკოლების დამსახურებულ პედაგოგებსა და წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა და განათლების რეფორმის თაობაზე ესაუბრა. მან ჩვენი ქალაქიდან მიულოცა მთელი საქართველოს კურსდამთავრებულებს „ბოლო ზარი“.

  ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ზვიად შალამბერიძე, ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

  ამ დღეს ზემოთაღნიშნული ორი მუნიციპალიტეტის 2017-18 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროსა და ვერცხლის, სულ 70, მედალოსნის დაჯილდოება მოხდა, რომელთაც მაჟორიტარის სახელზე მადლობის სიგელებიც გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ამათგან  ხუთი - დეპუტატის სახელობის სტიპენდიანტი იყო.

  მინისტრმა თავის გამოსვლაში განათლების მიმართულებით მიმდინარე ცვლილებებსა და სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, სახელმწიფოს მიერ საპენსიო ასაკის პედაგოგებისათვის შეთავაზებული ჯილდოს შესახებ ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა მათ წლების განმავლობაში პროფესიონალიზმითა და დაუღალავი შრომით არაერთი წარმატებული თაობის აღზრდისათვის, რომლებიც დღეს ღირსეულად ამთავრებენ მრავალწლიან პედაგოგიურ საქმიანობას. მინისტრმა აღნიშნა, რომ 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაიზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისათვის საშუალოდ 1500 ლარს მიაღწევს. იგივე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს. საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთაც ექნებათ სკოლიდან წასვლის სურვილი, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებენ ერთჯერად ფულად ჯილდოს - ორი წლის ჯამური ხელფასის სახით და ამასთან, მათ შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

  აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამომსვლელმა სტუმრებმა არაერთგზის აღნიშნეს მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, წვლილი ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების წახალისების საქმეში. ხაზი გაესვა იმას, რომ მაჟორიტარს მრავალი სახელობითი სტიპენდიანტი ჰყავს და მისი მთლიანი დეპუტატობის ხელფასი სწორედ ასეთი ახალგაზრდების განათლებისათვის იხარჯება.

  ელგუჯა გოცირიძემ პირადად დააჯილდოვა კონკურსის, „გააცანი საქართველო მსოფლიოს,“ გამარჯვებული 4 მოსწავლე, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან, რომელთაც დეპუტატის მიერ ზედა საზანოს საჯარო სკოლაში, თანამედროვე კომპიუტული ტექნიკით აღჭურვილ სივრცეში, პრეზენტაციების კონკურსზე წარმატებას მიაღწიეს.

  შეხვედრას, სოფელ სიმონეთიდან, ღვაწლმოსილი, 63 წლიანი პედაგოგიური სტაჟის მქონე მათემატიკოსი, მეთოდე ხუჯაძე, ესწრებოდა. მან გზა დაულოცა თავის აღზრდილებს და საჯაროდ დაემშვიდობა მასწავლებლის პროფესიას.

  სცენაზე დადგნენ მომავალი პირველკლასელები და წლევანდელი წარმატებული კურსდამთავრებულები ორივე მუნიციპალიტეტიდან.

  როგორც ამ შეხვედრაზე აღინიშნა, პარლამენტში შეტანილი კანონმდებლობის შესაბამისად, გათვლილია, რომ ქვეყნის ბიუჯეტის 25% მთლიანად განათლების რეფორმას მოხმარდეს, რაც გულისხმობს, როგორც პედაგოგობის მაღალანაზღაურებად პროფესიად ქცევას, ისე სკოლების ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინფრასტრუქტურულ სრულყოფას.

  ღონისძიების დასასრულს, ღია ცის ქვეშ, გაიმართა ჯაზ-ბენდის „BLUE MOOR“-ის კონცერტი.

ნათია მურუსიძე