29341541_1493707864088643_1175155157_n

იაშა კეზევაძის გამოსათხოვარი

,,მრავალი ჩვენგან წასული კაცის ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,

მაგრამ ეს ერთი სხვა იყო მაინც, კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს...’’

მიხეილ ქვლივიძის ეს სიტყვები სავსებით შეესაბამება ბატონი იაშა კეზევაძის ღვაწლს. სამწუხაროა, რომ წარსულში გვიწევს მასზე საუბარი, არადა, გასახსენებელი მართლა ბევრია!

იაშა კეზევაძე ათეული წელი უანგაროდ ემსახურებოდა  ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. 1924 წლის 27 ივნისს დაბადებულმა 1950 წელს დაასრულა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიული ფაკულტეტი.  1942 წელს მუშაობა დაიწყო ტყიბულის რაიონის გელათის არასრულ სკოლაში მასწავლებლად. 1957-1964 წლებში იგი ამავე სკოლის დირექტორის მოადგილეა, ხოლო 1964 წლიდან ხელმძღვანელობდა გელათის 8-წლიან  სკოლას. 1981 წელს მისივე თაოსნობით 8-წლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალოდ, რომელსაც ის 2005 წლამდე ედგა სათავეში.

იაშა კეზევაძე დაჯილდოვებული იყო:  ღირსების ორი ორდენით და სხვა სახელმწიფო ჯილდოებით საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის განათლების სამინისტროს სხვადასხვა უწყებებისაგან. ასევე, - დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის და სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნით.

ქვეყნის მამულიშვილი აქტიურად იღებდა მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში, მრავალგზის იყო არჩეული ადგილობრივ  სასოფლო  საბჭოს დეპუტატად.

იაშა მასწავლებელი მშობელს პირმშოს სიყვარულში ,,ეცილებოდა“, მათთან ერთად უხაროდა ყოველი ახალი დღის გათენება, მათთან ერთად შრომობდა და მხიარულობდა...

ვინ იცის, თავისი ცხოვრების მანძილზე რამდენი მშობლის მადლობა დაიმსახურა, რამდენ კურსდამთავრებულს გაჰყოლია იაშა მასწავლებლის გულიდან ამოფრქვეული სითბო და რამდენმა გაიყოლა მისი სიყვარული სამარადჟამოდ... მერედა, როგორ უყვარდათ ბავშვებს ეს გულთბილი და საოცრად დაუზარელი, შრომისმოყვარე ადამიანი, სულის სიღრმეში ჩაჰყვებოდა მათ, მათი ფიქრების მესაიდუმლე და კეთილი მრჩეველი გახდებოდა უმალ... მისთვის ცხოვრების მთავარი აზრი მოსწავლეები იყვნენ, ამიტომაც იყო, რომ დიდი მასწავლებლის ხსენებაზე ღიმილი დაეფინებოდათ სახეზე და ამბობდნენ, - ,,გვიყვარსო’’.

ჩვენთვის, პედაგოგებისათვის კი იგი არამარტო კარგი დირექტორი, არამედ მზრუნველი მამა და უფროსი მეგობარი იყო.

რაც მთავარია, მან ეს სიყვარული და პატივისცემა სამართლიანად დაიმსახურა.

მსუბუქი იყოს თქვენს გულზე დაყრილი გელათის წმინდა მიწა, ბატონო იაშა, ყველა იმ სიკეთისთვის, რაც აქამდე დაგითესავთ!  მუდამ გაგიხსენებთ, როგორც ადამიანს, რომელიც დააკლდა სოფელს!

სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის

სოფელ გელათის საჯარო სკოლის

პედაგოგიური კოლექტივი