Bondo55.mp4.Still008

ბონდო კუბლაშვილის ნათელ ხსოვნას...

  „რამდენი ჩვენგან წასული კაცის ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს, მაგრამ ის ერთ სხვა იყო, მაინც, კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“... რაოდენ სამწუხაროა, რომ მიხეილ ქვლივიძის ეს სტრიქონები ბონდო კუბლაშვილის გამოსათხოვარს ეპილოგად წინ წავუმძღვარეთ.

  ჩვენი ქალაქის საზოგადოებამ კიდევ ერთი ღირსეული მამულიშვილი, სანიმუშო მოქალაქე, მისაბაძი ხელმძღვანელი პირი, ერთგული მეუღლე, საუკეთესო მამა და სამაგალითო მეგობარი დაიტირა, რომელიც გამორჩეული იყო პიროვნული თვისებებით, ინტელექტით, ზნეობით, შრომისმოყვარეობით. ოკრიბასა და მშობლიურ ტყიბულზე უსაზღვროდ შეყვარებული გულში სიკეთის მარაგს თან დაატარებდა და უშურველად გასცემდა ხოლმე ირგვლივმყოფთათვის. სანაცვლოდ კი არასოდეს არაფერს ითხოვდა. ეს მხოლოდ მისი გამორჩეული სტილი იყო.

  ტკივილიანი და მოულოდნელი იყო ბატონი ბონდოს გარდაცვალება, რომელსაც ქალაქისათვის საჭირო, ბევრი კეთილშობილური იდეა, გეგმა დარჩა განუხორციელებელი.

  ცხოვრებისა და მოღვაწეობის შინაარსიანი და ნაყოფიერი გზა განვლო მან 69 წლის მანძილზე. პროფესიით ისტორიკოსმა და ფილოლოგმა რიგითი მუშიდან დაწყებული, სხვადასხვა თანამდებობაზე, დიდი პასუხისმგებლობით იმუშავა. წლების განმავლობაში იგი იყო კინოფიკაციის, კულტურის სასახლის, პროფესიული სასწავლებლის დირექტორი, ტყიბულის ვიცე-მერი, გამგებლის მოადგილე, ტყიბულის გამგებელი, მინდელის სახელობის შახტის უბნის უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ბოლოს კი, - მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, და ამავე დროს, ფრაქციის, „ქართული ოცნება - მრეწველების,“ თავმჯდომარე, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ტყიბულის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში. დიდი პასუხისმგებლობით აგროვებდა ჩვენი კუთხის ისტორიულ მასალებს სხვადასხვა პროფესიაში მოღვაწე პირთა დამსახურებების შესახებ. მისი დიდი სურვილი ამ თემაზე ბიბლიოგრაფიული კრებულის გამოცემა გახლდათ, თუმცა, არ დასცალდა.

    „იყავ ერთგული სიკვდილამდე და მე მოგცემ სიცოცხლის უკვდავების გვირგვინს“ - გვასწავლის სახარება. მართლაც, ადამიანი არის ის, რაც კაცისაგან რჩება - მასზე მოგონება და მისი საქმენი. ბონდო ილიჩის განვლილმა ცხოვრებამ ჰუმანიზმის, მეგობრობის, ჭირთან გამკლავების, ტკივილისა და სიკვდილზე გამარჯვების ძლიერი სულის საოცარი მაგალითი გვაჩვენა,  კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ამ წუთისოფლის დანიშნულებაზე, ამქვეყნად ჩვენი მოსვლის არსზე და დაგვიტოვა დიდი ადამიანური სითბო, მარადიული სინათლე გულში, რომელიც არასოდეს გახუნდება.

  ზეციურ საქართველოში ვალმოხდილი „მიუხვალთ მამა-პაპათა,“ კაცთმოყვარებასა და უანგარობაში ბოლომდე დახარჯულო, ბატონო ბონდო!..

ნანა რაზმაძე