215_0599_01.MP4.Still244.jpg.Still002

N6 საბავშვო ბაღს საჩუქრად ფორტეპიანო გადაეცა

  გორგიძის ქუჩაზე ახლახანს გახსნილ N6 საბავშვო ბაღს საჩუქარი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 2014-17 წლებში, რობიზონ გვენეტაძემ, გაუკეთა. მან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, რომლის მშენებლობის ინიციატორიც, სწორედ თვითონ იყო, საკუთარი მუსიკალური ინსტრუმენტი, ფორტეპიანო, გადასცა.

  აღსანიშნავია, რომ ამ ინფრასტრუქტურულმა ობიექტმა დასავლეთ შახტის უბანში ძველი ტიპიური ბაღის შენობა ჩაანაცვლა, რომელიც თანამედროვე სააღმზრდელო გარემოს მოთხოვნებს ნაკლებად პასუხობდა. დღეისათვის კი 2 ჯგუფზე გათვლილი კაპიტალური, ევროპული სტანდარტების მქონე, სათანადო ინტერიერით, ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი დაწესებულება ექსპლუატაციაშია შესული.

  როგორც რობიზონ გვენეტაძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, მისი მზრუნველობა N6 ბაღისადმი მომავალშიც გაგრძელდება, იგი საახალწლოდ პატარებს ახალ სათამაშოებს, ხოლო მომავალში ილუსტრირებული შემეცნებითი ხასიათის წიგნებით მომარაგებას დაჰპირდა.

ნათია მურუსიძე