001

საკრებულომ ოთხი პროექტი განიხილა

  ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში გამართულ საკრებულოს გეგმიურ სხდომას წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, უძღვებოდა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, დეპუტატები და მომხსენებლები ესწრებოდნენ.

  დღის წესრიგის მიხედვით 4 პროექტი იქნა განხილული, მათგან პირველი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცებას შეეხებოდა. დადგენილების მიზანია იმ ადამიანთა საქმიანობისა და მოღვაწეობისათვის პატივის მიგება, რომლებიც განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ჩვენი მუნიციპალიტეტის სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, მსგავსი საქმიანობის პოპულარიზაცია ადგილობრივ მოსახლეობაში.

  საპატიო წოდებისა და ჯილდოს მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს: საქართველოს პარლამენტის წევრს; სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს; მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3; საკრებულოს თავმჯდომარეს; მუნიციპალიტეტის მერს; საზოგადოებრივ გაერთიანებას; საინიციატივო ჯგუფს, ამ შემთხვევაში შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა. უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ საპატიო წოდებასთან დაკავშირებულ საკითხთა განმხილველ კომისიას. საპატიო წოდებას და ჯილდოს ანიჭებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით-ბრძანებით. პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა და მედალი, რომელიც, ასევე, მერის მიერ ხდება წელიწადში ერთხელ დაწესებულ სახალხო დღესასწაულზე-ტყიბულქალაქობის ზეიმზე. ასეთ მოქალაქეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში და სხვა.

  საკრებულოზე წარმოდგენილი მეორე და მესამე საკითხები ორ დადგენილების პროექტში ცვლილებების შეტანას შეეხებოდა.

  განკარგულების პროექტი 2018 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის თაობაზე საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა წარმოადგინა.

  2018 წლის ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების 9 თვის გეგმა შეადგენს 7863.2 ათას ლარს, ფაქტიურად შემოსულია 3918.8 ათასი ლარი. გეგმა შესრულებულია 49.8%-ით. ბიუჯეტის 9 თვის გეგმა გადასახდელების ნაწილში შეადგენს 10823.4 ათას ლარს, ფაქტიურად გახარჯულია 5843.8 ათასი ლარი. გეგმა შესრულებულია 54.0%-ით. არაფინანსური აქტივების ზრდამ შეადგინა 1507.6 ათასი ლარი. კლებამ კი, - 44.8 ათასი ლარი.

  ნაშთი 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენდა 3370.6 ათას ლარს. ის 9 თვის განმავლობაში შემცირდა 1925.0 ათასი ლარით და 2018 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგინა 1445.6 ათასი ლარი.

  საკრებულომ სხდომაზე წარმოდგენილი ოთხივე პროექტი, განხილვის შემდგომ, კენჭისყრით მიიღო.

მარი ბაბუხადია

DSC_01 DSC_02 DSC_03 DSC_05 DSC_06 DSC_08