fly

ჯგუფი „ფლაი“ ტყიბულელი ახალგაზრდების წინაშე

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებამ, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქის ახალგაზრდობას პოპ-მუსიკის შემსრულებელი ჯგუფის, „ფლაის“, კონცერტი შესთავაზა.  თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ჯაზ-ბენდი ჩვენი მაყურებლის წინაშე ერთსაათიანი პროგრამით წარდგა. შვიდკაციან შემადგენლობაში ერთადერთი გოგონა, მათი სოლისტი, ლილიკო კორკოტაშვილი, იყო, რომელმაც მაყურებელს ყველასათვის ცნობილი და გაჰიტებული ქართული თუ უცხოური სიმღერების „ქავერები“ შესთავაზა. აღნიშნული ბენდი უკვე დიდი ხანია, რაც არსებობს, თუმცა, მისი შემადგენლობა პერიოდულად იცვლება. კლავიშის, საქსაფონის, დრამის, გიტარის, საყვირის, ზოგჯერ კი, სხვა ჩასაბერი ინსტრუმენტების ერთობლიობით შექმნილი ჯაზური კომპოზიციები ამ ჯგუფისადმი ინტერესს იწვევს. ამიტომაც, „ფლაის“ წევრები ღონისძიებებისა და სხვადასხვა საღამოების საინტერესო მუსიკალურ ფონს ქმნიან.
ტყიბულელ აუდიტორიასთან პირველი შეხვედრა ჯაზ-ბენდმა წარმატებულად დაასრულა. ახალგაზრდებისა და მოზრდებისაგან შემდგარმა მსმენელმა ემოციურად მიიღო სცენიდან წამოსული იმპულსები და კონცერტის დასარულს კმაყოფილმა დატოვა დარბაზი.

ნათია მურუსიძე