45630786_2261833447220118_869638204930654208_o

ხუთ კვირაში შახტში საბოლოო ექსპერტული დასკვნა დაიდება

  კომპანია „საქნახშირში“ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მომხდარი რამდენიმე უბედური შემთხვევის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მოთხოვნითა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის დაკვეთით, ტყიბულის შახტში ვითარების შესასწავლად ქართველ და უხცოელ ექსპერტთა შერეული 4 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. მაღალკვალიფიციური 140 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო გერმანული კომპანია „დი ემ ტი-სა“ და ადგილობრივი საკონსულტაციო კომპანია „საფკოს“ წარმომადგენლები საკითხზე ერთობლივად იმუშავებენ, შეისწავლიან, როგორც დოკუმენტაციას, ასევე, მონიტორინგსა და აუდიტს გაუწევენ საწარმოში არსებულ მდგომარეობას. მათი განცხადებით ინტენსიური და დეტალური კვლევა კონტრაქტის შესაბამისად 5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც დაიდება შემაჯამებელი დასკვნა, თუ რა პრევენციული ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რათა დაცული იქნას ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

  „საქნახშირის“ გენერელური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი, გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს ექსპერტთა ჯგუფთან და ხელი შეუწყოს პროცესის ობიექტურ მსვლელობას. საბოლოო ანგარიშის შემდეგ კი, მისი განცხადებით, მოხდება სამუშაო პროცესის განახლება.

  დღეისათვის მეშახტეთა სახელფასო ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აქვს აღებული, აქამდე კი გასული თვეების განმავლობაში, გამოძიების მსვლელობისას, მათ ხელფასით თავად კომპანია უზრუნველყოფდა.

  ექსპერტებთან ერთად მინდელის სახელობის შახტში შეხვედრაზე ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე და კომპანიის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

ნათია მურუსიძე