29595062_1885862591483874_6327419406470193365_n

წინ, დიდი გამარჯვებებისაკენ...

 

        ტყიბულის სპორტული ცენტრის (დირექტორი: ვალერ კობახიძე) აღსაზრდელი, წარმატებული სპორტსმენი, ილია სულამანიძე, ღირსეული ასპარეზობითა და შედეგებით, როგორც ქართულ ჭიდაობაში, ისე - ძიუდოში, წლების განმავლობაში ახარებს ჩვენს ქალაქსა და გულშემატკივრებს. მან განსაკუთრებული სიამაყის განცდა მიანიჭა ტყიბულელებს, როცა ჯერ რუსეთის ქალაქ ტულაში, ევროპის თასზე, ძიუდოში, ჭაბუკთა შორის, 90 კგ წონით კატეგორიაში, გამარჯვება არავის დაუთმო. შემდეგ კი, რუმინეთში, ასევე, ევროპის თასზე, კვლავ I ადგილი, ოქროს მედალთან ერთად მოიპოვა და დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ჰიმნი, სხვა ქვეყანაში, უკვე მოერედ ააჟღერა.

    12 წლის წინ, 5-6 წლის ილია და შალვა ძიუდოზე სავარჯიშოდ მამამ, ზურაბ სულამანიძემ, მიიყვანა. მათი პირველი მწვრთნელები გია ობოლაძე და იაგო გაბელაშვილი არიან. მშობელს შვილების ამ სახეობით დაინტერესების სურვილი ძიუდოს ნაკრების დიდმა წარმატებებმა გაუჩინა. ილიას აღზრდაში, მის პირველ მწვრთნელთან, გია ობოლაძესთან ერთად, შემდგომ სასაწავლო პროცესში ირაკლი მერკვილაძე, გრიგოლ სოფრომაძე და შალვა ბიბილაშვილი ჩაერთვნენ.

  რამდენიმე დღის წინ ილიას 17 წელი შეუსრულდა. საინფორმაციო ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფი დიდი სიყვარულით ულოცავს მას დაბადების დღეს და უსურვებს სამომავლო წარმატებებსა და წინსვლას - პირად, საზოგადოებრივ და სპორტულ ცხოვრებაში.

 მარი ბაბუხადია