51484488_2439633802773414_6986708332165726208_o

ცუცხვათში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ პრიორიტეტები გამოიკვეთა

  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით,“ წელს ჩვენს მუნიციპალიტეტს 532 ათასი ლარი გამოეყო. აქედან, ცუცხვათის ადმინისტრაციულ ერთეულზე 16 ათასი ლარი განისაზღვრა. მთავრობის განკარგულების თანახმად, დასახლებებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ზე მეტს შეადგენს, მოსახლეობასთან კონსულტაციები იმართება. ცუცხვათში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივებთან შეხვედრა ადმინისტრაციულ შენობაში შედგა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კობა რობაქიძემ, მერის წარმომადგენელმა ცუცხვათში, მურმან კუპრაშვილმა და თემის დეპუტატმა საკრებულოში, გაგა ჩიხრაძემ, დეტალურად განმარტეს პროგრამის მნიშვნელობა და გამოკვეთეს ის საჭიროებები, რაც ამჟამად პრიორიტეტულია სოფლისათვის. აღსანიშნავია, რომ თითოეულ დასახლებაში საპროექტო წინადადებები წინასწარ იქნა შემუშავებული მოსახლეობასთან შეთანხმებით. განიმარტა, რომ ცუცხვათისათვის გამოყოფილი 16 ათასი ლარი 7 მცირე პროექტის განხორციელებაზე განაწილდება. ესენია: დიდ სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალის შემოღობვა და იქ სკვერის მოწყობა; საბავშვო ბაღის შენობის ნაწილში მეტალო-პლასტმასით კარ-ფანჯრების განახლება; წყლის მილებისა და სპორტული ინვენტარის შეძენა; ცენტრალურ გზაზე მოსაცდელის მოწყობა; გარე-განათებისათვის სადენების შეძენა და ქსელის გამართვა; შიდა გზების მოწესრიგება. ეს წინადადებები ადგილობრივების მხრიდან ერთხმად მხარდაჭერილი იქნა.

  საკონსულტაციო შეხვედრის მონაწილეთაგან შეირჩა რამდენიმე ადამიანი, რომელიც პროექტების მიმდინარეობაზე, სოფლის მოსახლეობის წინაშე, პასუხისმგებელ პირად ჩაითვლება.

  აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ტენდერების გარეშე, პირდაპირი შესყიდვების წესით,  განხორციელდება.

ნათია მურუსიძე