ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ქალაქში

  ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, პირადად გაეცნო და მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ჯალაღანიას ქუჩაზე N16/29-ში 12 სმ-იანი სიმაღლის ბეტონის დასხმა ხდება, სადაც მთლიანობაში 1730 კვ.მ მოცულობის არმირებული საფარი მოეწყობა, ღირებულებით 99 ათას 718 ლარი. პროექტს შპს „მიმდემი“ ახორციელებს. იქვე მიმდებარედ, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ძველი შენობის დემონტაჟიც მიმდინარეობს, რომელიც  ეზოს იერ-სახეს ამახინჯებდა. თემურ ჩუბინიძე, საქმის მწარმოებლებთან ერთად, ადგილობრივებსაც გაესაუბრა და პირობა მისცა, რომ მალე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში მათი კორპუსის გადახურვაც დაიწყება.

  აღსანიშნავია, რომ გამსახურდიას N22-ის, კოსტავას N2-ისა და რუსთაველის N1-ის შიდა ეზოების მოწყობა უკვე დასრულებულია, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის N23-ში. სულ 5 ეზოს რეაბილიტაციაზე 344 ათას 800 ლარი იხარჯება. აქედან სამ ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის 7 სმ-იანი საფარი დაიგო. კონტრაქტორი კომპანია შპს „მიმდემია.“

  შიდა ეზოების განახლების პროცესი წელს ამით არ სრულდება. რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ მუნიციპალიტეტისათვის დამატებით ჩამორიცხული 586 ათას 903 ლარით კიდევ 9 ეზოს კეთილმოწყობა მოხდება. ტენდერში გამარჯვებული ფირმა უმოკლეს დროში გამოვლენილი იქნება.

  მუნიციპალიტეტის მერი ქალაქში გარე-განათების ქსელზე მიმდინარე სამუშაოებითაც დაინტერესდა. ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის კომუნალური გაერთიანების“ წარმომადგენლები ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ ახალი, თანამედროვე ტიპის, დიოდური (LED) სანათების მონტაჟს, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა და ეფექტური გახადა ტყიბულში ღამის განათება. სულ ტენდერით შეძენილი 780 სანათიდან 400-მდე უკვე გახარჯულია, რის შედეგადაც გამოიცვალა ქალაქის ცენტრალური ხაზი - ტყვარჩელის, გამსახურდიასა და რუსთაველის ქუჩები, ასევე, მოწამეთის საპატრულო ტეკიდან მონასტრამდე არსებული მიმართულება, სამტრედიის დასახლება, ძიძიგურის შახტისა და კოსტავას ქუჩები და სხვა უბნების ცენტრალური  ზოლები. გარდა ამისა, აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები მრავალბინიანი კორპუსების შიდა ეზოებში ძველი სანათების რეაბილიტაციასა და ახალი ქსელის მოწყობას ახდენენ.

  თემურ ჩუბინიძემ მონიტორინგის ფარგლებში მოინახულა ქალაქში არსებული ლითონის კონსტრუქციის მოაჯირებიც, რომელთა შეღებვა და გალამაზება, ასევე, კომუნალური გაერთიანების ძალებით ხდება.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.