50494726_2412575995479195_940236128563232768_o

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ეტლები გადაეცათ

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანადგომით ეტლები გადაეცათ.

  აღნიშნული აქტივობა ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის, აქტიური ჩართულობით, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.

  სტანდარტული ტიპის ეტლი მუნიციპალიტეტის მასშტაბით 13-მა ბენეფიციარმა მიიღო. მათი გადაცემის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები და „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარე, მაია კვეზერელი-კოპაძე და ამავე, ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  აღსანიშნავია, რომ ბენეფიციართა შერჩევა მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მოხდა. ამავე უწყებამ საცხოვრებელ სახლებში მისვლით განახორციელა თითოეული პირისათვის ზომების აღება და სპეციალური კითხვარების შევსება. წინასწარი მოკვლევით მათთვის პერსონალურად მორგებული ეტლები შეირჩა. დედაქალაქიდან ეტლების ტრანსპორტირება კი მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყო.

  საგულისხმოა, რომ გასულ წელს ასოციაციისაგან „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ეტლები ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 21-მა შშმ - პირმა მიიღო.

  აღნიშნული ასოციაცია 27 წელზე მეტია არსებობს და სახელოვან, ღვაწლმოსილ ქალბატონებს აერთიანებს. ის მრავალ პროექტს ახორციელებს სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, მათ შორისაა შშმ პირთათვის თანადგომის აღმოჩენა. ამერიკული დონორი ორგანიზაციისაგან ეს ასოციაცია ყოველწლიურად 900-მდე ეტლს იღებს და მათ საჭიროებისამებრ ურიგებს ბენეფიციარებს.

მარი ბაბუხადია