ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ცნობილი რეპ-მომღერლის, „შავი პრინცისა“ და ჯგუფი „ხვალეს“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა. ქართული ჰიპ-ჰოპის შემსრულებლები ტყიბულის სცენაზე პირველად იდგნენ. მათი რეპერტუარი, როგორც ძველ, კარგად ნაცნობ, ისე ახალ სიმღერებს მოიცავდა. საათნახევრიანი პროგრამა ძირითადად სოციალურ თემატიკაზე იყო აგებული. რეპერები ჩვენს ქალაქში ბოლო დროს განვითარებულ ტრაგედიებსაც გამოეხმაურნენ და საკუთარი რითმული ტექსტებით სოლიდარობა გამოხატეს დაღუპული მეშახტეების მიმართ. აღსანიშნავია, რომ წარმოშობით ქუთაისელი „შავი პრინცი,“ იგივე, აკაკი ბაბუნაშვილი, დაახლოებით 20 წელია, რაც ამ ჟანრში მღერის და პერიოდულად კონცერტებს რეგიონებშიც მართავს. ხოლო ჯგუფი „ხვალე“ სულ სამი წელია, რაც არებობს. მათი ერთ-ერთი წევრი ტყიბულელი ირაკლი ვერულაშვილია. სწორედ საერთო სამეგობრომ გაუკეთა ორგანიზება ჩვენს ქალაქში, ამ მუსიკალური მიმდინარეობის მოყვარული მსმენლისათვის, საკონცერტო პროგრამა დაგეგმილიყო.
„ხვალეს“ წევრმა გიორგი მიქაძემ, მცირე კომენტარიც გააკეთა: „ტყიბულში მეორედ ვარ, მშვენიერი ქალაქია, მომწონს. აქ კარგად არიან განწყობილნი ჩვენს მიმართ. თუმცა სასურველი იქნებოდა ახალგაზრდების დასაინტერესებლად მეტი კეთდებოდეს, რომ ეს თაობა ტყიბულიდან არ წავიდეს და პატარა ქალაქები არ დაიცალოს. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას მასპინძლობისათვის.“
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია