01

ყოველკვირეული თათბირი მერიაში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ყოველკვირეულ თათბირს მერის I მოადგილე, გიორგი ლომთაძე, უძღვებოდა. სრტუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა და ა.(ა)ი.პ.-ების დირექტორებმა, გასული კვირის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, განხორციელებული სამუშაოების შესახებ ანგარიშები წარმოადგინეს.

  ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ აღნიშნული სამსახურის უფროსმა, ზაზა ზოსიაშვილმა, ისაუბრა. სოფლის შიდა გზების ნაწილზე ბეტონის საფარის მოწყობა, ხოლო ნაწილზე -მოსამზადებელი სამუშაოები, მიმდინარეობს. თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია, სადაც კილომეტრამდე არმირებული ბეტონის გზა დაიგება. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, სოფელ მანჭიორში, ავტობუსის მოსაცდელი დაიდგმება, რომელის კონსტრუქცია მონტაჟისათვის მზადაა. სოფელ საწირეში იუსტიციის სახლის მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება, ხელშეკრულება კი შემსრულებელთან უკვე გაფორმებულია. მნიშვნელოვანი სიახლეა ის ფაქტი, რომ მთავრობის განკარგულებით ჩვენს მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის დამატებით,  500 ათასზე მეტი ლარი გამოეყო, რაც ქალაქის შიდა გზებისა და მისი ეზოების კეთილმოწყობაზე დაიხარჯება.

  ტყიბული მეშახტის დღის აღნიშვნისათვის ემზადება, რომელიც, ბოლო ტრაგიკული შემთხვევების გათვალისწინებით, მოკრძალებული ღონისძიებით იქნება გამოხატული. რამდენიმე დღეა, აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში, რომელსაც საწირის საჯარო სკოლის მოედანი მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მიმართ ახალგაზრდების ინტერესი და ჩართულობა საკმაოდ მაღალია.

  ტყიბულელი ილია სულამანიძე, ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ბუენოს-აირესში, საქართველოდან სხვადასხვა სპორტის სახეობაში მონაწილე 14 კაციან შემადგენლობაში, ერთადერთი ძიუდოისტია. ნაკრები წინამოსამზადებელ ეტაპს ტუნისში გაივლის. ამის შესახებ ინფორმაცია თათბირზე ა.(ა).ი.პ. „სპორტული ცენტრის“ დირექტორმა გააკეთა.

ნათია მურუსიძე

02 03 04 05 06 07