ქართულ-ფრანგული ფოლკლორული საღამო

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლამ ქართულ-ფრანგულ ანსამბლ „კიმილიას“ უმასპინძლა, რომლის ხელმძღვანელიც ფრანგი ქალბატონი ზოე პერეა. იგი უკვე 12 წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს, ბევრს მოგზაურობს სხვადასხვა კუთხეში, სიღრმისეულად შეისწავლის ქართულ მრავალხმიან სიმღერას და მის ფესვებს, ადგილობრივ კულტურასთნ ინტეგრაციის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს ენის ცოდნას, რის საუკეთესო მაგალითსაც თავად წარმოადგენს, რადგან არაჩვეულებრივად მეტყველებს ქართულად. რაც შეეხება ანსამბლ „კიმილიას,“ იგი ერთ წელზე ნაკლებია, რაც ჩამოაყალიბდა და მან, სამ ქართველ მუსიკოსთან - ზურაბ ანდღულაძესთან, კოკა ხიჯაკაძესა და გიორგი ძაგანიშვილთან ერთად, დაიწყო ძველი ჩანაწერების მოძიება და დამუშავება. შემოქმედებით ჯგუფს აქამდე რამდენიმე ფესტივალსა და პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა, თუმცა, ტყიბულში მისი პირველი სოლო-კონცერტი შედგა, რომელიც ქართული და ფრანგული ფოლკლორის ნიმუშების ერთობლიობას წარმოადგენდა. ამათგან აღსანიშნავია, ძველი, შუასაუკუნეების რენესანსული პერიოდის სიმღერები, რომლების ძველ ფრანგულ ენაზე სრულდება და რომლებმაც შემდგომ უკვე დასაბამი მისცა იმ ეპოქის კომპოზიტორთა კლასიკურ შემოქმედებას. ანსამბლის რეპერტუარი 15-მდე სიმღერას მოიცავდა - მეგრული, გურული და აჭარული ფოლკლორული ნიმუშები, ამ კუთხეებისათვის დამახასიათებელი ავთენტური კილო-კავითა და ტონალობით, შეხამებული იყო ფრანგულ-ხალხურ სასიყვარულო ჟანრის სიმღერასთან.

  გარდა სიმღერისა, ზოე პერე ქართულ საკრავებსაც ფლობს და რამდენიმე სიმღერა ჩონგურის თანხლებითაც შეასრულა მან პროგრამის მსვლელობისას. მსმენელმა განსაკუთრებული ემოციით მიიღო თითოეული ნიმუში, რამაც ჰარმონიული კავშირი დაამყარა მუსიკოსებსა და დარბაზს შორის.

   ღონისძიებას ორგანიზება ა.(ა).ი.პ. „კულტურის ობიექტების გაერთიანებამ,“ ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭრით, გაუკეთა. რომლის იდეის ავტორი ჩვენი თანაქალაქელი, გია კუბლაშვილი, იყო.

  საღამოს სპონსორობა კომპანიამ, „საქნახშირმა“ და კოოპერატივმა, „გურნელების მარანმა“ გაუწიეს.

ნათია მურუსიძე

Добавить комментарий

Ваш адрес email не будет опубликован.