ტყიბულის საოლქო კომისიამ ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართელი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებამდე 7 დღით ადრე, ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები ეთიკის კოდექსს აწერენ ხელს.   ქვეყნის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში ხელის მოწერა ერთდროულად, 12 საათზე, ხდება. აღნიშნული ტრადიცია მეშვიდე წელია, რაც დამკვიდრდა და მიზნად ისახავს, არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებას, ასევე, ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლებას.

N57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიის თითოეულმა (13) წევრმა, დოკუმენტის შინაარსის საჯაროდ გაცნობის შემდეგ, კოდექსისადმი ერთგულება ხელმოწერით დაადასტურა, რითაც კანონისადმი პატივისცემა დააფიქსირა. ცსკო-ს მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტი ქცევის რამდენიმე ძირითად კომპონენტს აერთიანებს. ესენია:  სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, გამჭვირველეობა, პროფესიონალიზმი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - კანონისადმი ერთგულება. საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებულნი არიან, უზრუნველჰყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ხელი შეუწყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნას.

დღეისათვის N57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში 22 ათას 092 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომელიც ზუსტად ერთ კვირაში, 37 სხვადსხვა საარჩევნო უბანზე (რეგისტრაციის ადგილის შესაბამისად) საკუთარი არჩევანის გაკეთებას შეძლებს.

 

ნათია მურუსიძე

 

კომენტარები გამორთულია