ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრს, „თეატრალური იმერეთის“ 2017 წლის ფესტივალის დახურვისა და დაჯილდოების ცერემონიალზე, სპექტაკლის „უხერხემლოს“ წარმოდგენისათვის ნომინაცია - ახალგაზრდა ჟიურის ფავორიტი გადაეცა, ხოლო დადგმის რეჟისორმა, ლალი კუბლაშვილმა, პროფესიული ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
„ - ჩვენ მივიღეთ ორი სოლიდური პრიზი, რომელიც ბევრად აღემატება შარშანდელ მიღწეულს, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ თეატრი ახერხებს იყოს წარმატებული. უფრო მეტიც, ცოტას არ ნიშნავს, სახელმწიფო თეატრის მაყურებელი გელოდებოდეს, გაჯილდოებდეს ოვაციებით და კიდევ გიგზავნიდეს სპექტაკლის მსვლელობისას გადაღებულ ფოტოებს. მიხარია, რომ ჩემი მსახიობებიც წლიდან წლამდე იზრდებიან და შედეგებიც არ აყოვნებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა და გვიგულშემატკივრა, განსაკუთრებული მადლიერებით მოვიხსენებთ „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს, ბატონ ჯამბულ ჯაყელს, თანადგომისათვის და მუნიციპალიტეტის გამგეობას მხარდაჭერისათვის“ - აღნიშნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის დირექტორმა და რეჟისორმა ლალი კუბლაშვილმა.
დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებას, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, იმერეთის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორები, გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი, შოთა მურღულია, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რობიზონ გვენეტაძე და სხვა ოფიციალური პირები. ასევე, - სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლები და ხელოვნების თაყვანისმცემლები.
ჩვენი დასი, აღნიშნულ ფესტივალში, მესამე წელია, რაც მონაწილეობს. ალექს ჩიღვინაძის ერთმოქმედებიანი დრამის, „უხერხემლოს“ პრემიერა, ლალი კუბლაშვილის რეჟისურით ჯერ ტყიბულში, 29-30 მაისს, გაიმართა, „თეატრალური იმერეთი 2017-ის“ ფარგლებში კი სპექტაკლი ქუთაისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 31 მაისს, ღირსეულად წარმოადგინეს, რომელშიც მონაწილეობდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის დასის ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობები: სანდრო ბუცხრიკიძე, მარინე ბრეგაძე, ხატია ჭელიშვილი, ნათია ხაბურზანია, გიორგი აშოთია.
„თეატრალური იმერეთი,“ წელს უკვე მერვედ, 27 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის, გარდა სოხუმისა და ჰერეთის (საინგილოს) თეატრალური დასები იღებდნენ მონაწილეობას. წლის საუკეთესო სპექტაკლად საჩხერის სახალხო თეატრის მიერ წარმოდგენილი „შერეკილები“ დასახელდა.
ფესტივალის დახურვის დღეს კი, სპექტაკლით „იავნანამ რა ჰქმნა,“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სადახლოს ქართული სახელმწიფო თეატრის დასი წარდგა მაყურებლის წინაშე.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია