47218694_2308604472543015_3023301688099340288_o

სტიქიით მიყენებულ ზარალს კომისია ითვლის

  30 ნოემბერს, ამოვარდნილი ძლიერი ქარიშხლის შედეგად, ტყიბულის მუნიციპალიტეტს 300 ათას ლარზე მეტი ღირებულების ზარალი მიადგა.

დაზიანდა 30-მდე მრავალბინიანი და 20-მდე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. ასევე, – ადმინისტრაციული ერთეულების შენობა-ნაგებობებიც. სპეციალური კომისია შემოსული ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებას ამჟამადაც განაგრძობს, რაც, სავარაუდოდ, ზარალის ოდენობას გაზრდის. საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მყისიერად მოხდა რეაგირება. აღწერილ იქნა საჭირო მასალების ოდენობა, რაც ზამთრის პირას მყოფ მოსახლეობას ქარიშხლით გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ესაჭიროება. გადაუდებელი დახმარება გაეწია სოჩხეთში გელა ცნობილაძის ხუთსულიან ოჯახს, რომელიც საცხოვრებლის გარეშე, ღია ცის ქვეშ, დარჩა. კოლონებზე მდგარი შუშაბანდიანი ხის სახლი სტიქიური ქარიშხლის შედეგად ერთიანად ჩამოიშალა. საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ოჯახის უფროსის მამამ რამდენიმე წუთით გამოასწრო ნგრევის პროცესს და ფაქტის თვითმხილველი გახდა. უსახლკაროდ დარჩენილები ოპერატიულად მოამარაგეს სამშენებლო მასალით - 1500 ცალი ბლოკით, 2 ტონა ცემენტითა და 5 კუბური მეტრი ქვიშით, რათა ზამთარს მეზობლებს შეკედლებულები არ შეხვდნენ. სოფელ სოჩხეთში გარდა ცნობილაძეებისა კიდევ რამდენიმე კომლი დაზარალდა, სადაც ძირითადად კერძო სახლების სახურავებია დაზიანებული და ნაწილობრივ გადახდილი. აღნიშნული ოჯახების დახმარებაც უმოკლეს დროში მოხდება.

ნათია მურუსიძე