50793949_2422759641127497_485241990603079680_o

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ განახლდა

  2019 წლის 1 იანვრიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ განახლებული სახით ამოქმედდა.  2 წლიანი წყვეტის შემდეგ მასზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 20 მილიონი ლარია განსაზღვრული, აქედან უშუალოდ ტყიბულის მუნიციპალიტეტისათვის 266 ათასი ლარი გამოიყო, თუმცა შესაძლოა ეს თანხები გაორმაგდეს კიდეც. თითოეულ სოფელში 5-დან 10 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. გაანგარიშება შემდეგი პრინციპით მოხდება: დასახლებას, რომელშიც მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 200 მაცხოვრებელს, გამოეყოფა 5 ათასი ლარი, 201-დან 400 მაცხოვრებლამდე - 6 ათასი ლარი, 401-დან 100-მდე - 8 ათასი, ხოლო 1000 მაცხოვრებლის ზემოთ დასახლება 10 ათას ლარს მიიღებს.

  პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა განსაზღვრულია და მოსახლეობა სწორედ მისი გათვალისწინებით, თუმცა საჭიროებების შესაბამისად შეიმუშავებს საპროექტო წინადადებებს, თუ რისი გაკეთება უფრო პრიორიტეტულია მათი სოფლისათვის.

  ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლების პირველი საერთო კრება საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. ადგილობრივებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მერის I მოადილემ, გიორგი ლომთაძემ და მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, თენგიზ ლომთაძემ, გააცვნეს. შეხვედრებს საწირის მაჟორიტარი დეპუტატი, იზო ნემსაძე, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საწირის ადმინისტრაციული ერთეულში შემავალ 8 სოფელში კრებები ცალ-ცალკე გაიმართა, მთლიანობაში, ამ ეტაპზე, მათთვის გამოყოფილი 42 ათასი ლარით ცალკეული პრობლემების მოგვარებაზე შეთანხმება კენჭისყრით მოხდა. საპროექტო წინადადებებს შორის სოფლების უმრავლესობაში ჭარბობდა გარე-განათებების მონტაჟის საკითხი. იმსჯელეს წყლის მილების, ასევე, ბეტონისსაფარით გზის მონაკვეთების მოწყობის შესაძლებლობაზეც.

  აღსანიშნავია, რომ დასახლების საერთო კრებები თუ კონსულტაციები მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში თებერვლის ბოლომდე უნდა ჩატარდეს. მოსახლეობის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უკვე პროექტების განსახორცილების პროცესი დაიწყება.

ნათია მურუსიძე