საწირეში მინისტრმა ახალი საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და ,,კურორტ საწირის განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის, გია ბუბაშვილის, აქტიურობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში, ქვეყნის მასშტაბით, რიგით 64-ე საზოგადოებრივი ცენტრი აშენდა, რომლის საზეიმო გახსნის ცერემონიაც გაიმართა. აღნიშნული დაწესებულება იმერეთის რეგიონში მეთოთხმეტეა, რომელიც 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სერვისს, უმოკლეს დროსა და კომფორტულ გარემოში, შესთავაზებს ადგილობრივებს. ახალი ინფრასრტრუქტურული ობიექტის გახსნაზე მისულ მოსახლეობას განწყობის შესაქმნელად ღია სცენაზე გამართული მუსიკალური პროგრამა შესთავაზეს, სადაც ახალგაზრდებისათვის სახალისო ვიქტორინაც გაიმართა. პარალელურად, ცენტრის სპეციალურად მოწყობილ გარემოში, საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა შედგა.

  ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მთავარი მასპინძელი საქართელოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, იყო. მან ჯერ სცენიდან, იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორთან, შავლეგო ტაბატაძესთან, ერთად მიმართა ადგილობრივებს და მიულოცა მათთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე, შემდეგ კი, საზეიმო ლენტი გაჭრა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ტყიბული-თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ელგუჯა გოცირიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

  აღსანიშნავია, რომ საწირის საზოგადოებრივი ცენტრი პატარა სოფლის საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურით, სხვებისაგან განსხვავდება და დღეისათვის მხოლოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ უდაბნოშია განხორციელებული. საწირესა და მის მიმდებარე სოფლებში - ახალსოფელში, ბზიაურში, დაბაძველში, ზედუბანში, ძიროვანში, სამტრედიასა და მანჭიორში მცხოვრებ მოსახლეობას პირადობის ან დაბადების მოწმობის, მიწის რეგისტრაციის, საბანკო და სხვა სერვისების მისაღებად ტყიბულში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ.

  ცენტრში ახალგაზრდებისათვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი, თანამედროვე სტანდარტების, როგორც ბეჭდური, ისე ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ხელმისაწვდომია 24 საათიანი უფასო ინტერნეტი.

  თეა წულუკიანმა საზეიმო გახსნაზე ისიც დააანონსა, რომ მსგავსი საზოგადოებრივი ცენტრი 2019 წლის ბოლომდე ქალაქ ტყიბულშიც აშენდება.

ნათია მურუსიძე

კომენტარები გამორთულია