49640321_2378269878909807_1111978521971916800_o

საშობაო ღონისძიება ტყიბულელი ბავშვებისათვის

  ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ და კომპანია „ვანდერლენდმა“ (დირექტორი: თამარ სოხაძე,) პატარებსა და მოზარდებს საბავშვო ღონისძიება აჩუქეს.

  აქტივობა, საგანგებოდ ამ დღისათვის მოწვეული ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით, უამინდობის გამო, ნაცვლად ღია სივრცისა, სპორტის სასახლეში მოეწყო. სადღესასწაულო თემატიკაზე აგებული მრავალფეროვანი პროგრამა ბავშვებისათვის ფერადი გასართობი გარემოს შექმნაზე იყო ორიენტირებული.

  პატარებისათვის კარგადნაცნობმა ანიმაციებისა და ზღაპრების საყვარელმა პერსონაჟებმა: „სანტაკლაუსმა,“ „ფიფქიებმა,“ „პრინცესებმა,“ „ტროლებმა,“ „სპაიდერმენმა,“ „ოჩოფეხებმა,“ „ჯამბაზებმა,“ „ელფებმა,“ „პანდამ“ და „მურა დათვებმა,“ თუ სხვა გმირებმა, ისინი ჩვეულებრივზე უფრო მეტად გაამხიარულეს. მათ საზეიმო კოსტიუმებში გამოწყობილ მსახიობებთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს, სადაც ბევრი იცინეს, იცეკვეს, იმღერეს და ითამაშეს. ღონისძიება, კომპანიის, ,,ვანდერლენდის,“ დირექტორს, ტყიბულელ, თამარ სოხაძეს მიჰყავდა, რომელიც მასში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა.

  სხვადასხვა სახალისო აქტივობით დატვირთულ ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესოსა და ხმაურიანს მოსიარულე დრამერები ხდიდნენ.

  საღამო ფერადი ფანტელების, ბუშტებისა და სასცენო ეფექტების ფონზე მიმდინარეობდა. სანახაობრივად შთამბეჭდავი იყო ღია სივრცეში, სპორტის სასახლის მიმდებარედ, მოწყობილი ცეცხლოვანი შოუ. დასასრულს კი ეს დღე  ფოიერვერკმა გაალამაზა.

  ღონისძიება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება კი მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა, ხოლო საჭირო ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვა, - კულტურის ობიექტების გაერთიანებამ უზრუნველყო.

მარი ბაბუხადია