ტყიბულში, გურამიშვილის ქუჩაზე, მდინარის კალაპოტის სტიქიით დაზიანებული საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.
საქართველოს მთავრობის, 2018 წლის 3 მაისის, N957 განკარგულების საფუძველზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოები 3 ნაწილად დაიყო (საყრდენი კედლები, სახურავები, ხიდ-ბოგირები).
12 მიმართულებით ბეტონის საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,ევროტექნიქსი,“ აწარმოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 400 ათას ლარს შეადგენს. ფიროსმანისა და გაბრიაძის ქუჩებზე, ასევე, საცურაო აუზის მიმდებარედ, საყრდენი კედლები უკვე მოწყობილია.
გურამიშვილის ქუჩაზე მიმდინარე პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზაზა ზოსიაშვილთან ერთად, დაათვალიერა და იგი შემსრულებელი ფირმის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას გაესაუბრა.
საქმის მწარმოებლის თქმით, აქ საყრდენი კედლის მოწყობისათვის სამუშაოები ერთი კვირაა მიმდინარეობს და დაახლოებით 10 დღეში დასრულდება. ამჟამად ადგილზე შესაბამისი ტექნიკა და 6 კაციანი ჯგუფი მუშაობს. მათ შორის, დასაქმებულები არიან ადგილობრივებიც. 12-ივე მიმართულებით საყრდენი კედლების მოწყობა მაისის ბოლოსთვის დასრულდება.
მარი ბაბუხადია
კომენტარები გამორთულია