ტყიბულელ მეშახტეთა მიერ დაანონსებული აქცია მუნიციპალიტეტის თეატრის შენობის წინ გაიმართა. შეკრებილთა ძირითადი მოთხოვნა „საქნახშირის“ ადმინისტრაციის გადადგომა და მისი პროფესიონალი კადრებით ჩანაცვლებაა. ისინი მოუწოდებენ თანაქალაქელებს მხარდაჭერისა და თანადგომისაკენ, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრისაგან ითხოვენ გარანტიებს, რათა განაცდური პერიოდი სრულად აუნაზღაურდეთ, ვიდრე სამუშაო პროცესი მთლიანად არ განახლდება.
მეშახტეებთან შესახვედრად ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, მივიდა. მან განაცხადა, რომ კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ჯამბულ ჯაყელთან, სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომელმაც დაუდასტურა, რომ მეშახტეთა მოთხოვნა დღესვე დაკმაყოფილდება, მაღალი თანამდებობის ხუთი ხელმძღანელი პირი ადმინისტრაციიდან, რომელთა გადადგომასაც აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, განთავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან. მერმა ასევე, განაცხადა:
„როგორც თითოეული თქვენგანი, მეც, პირადად და ჩვენი ადმინისტრაცია, საკრებულოსთან ერთად, დაინტერესებული ვართ, რომ ქალაქში იყოს სტაბილური სიტუაცია, შახტმა იმუშაოს გამართულად, უსაფრთხოდ და თითოეულ მეშახტეს ჰქონდეს შესაბამისი შრომისა და საყოფაცხოვრებო პირობები.“
აქციის მონაწილეები ბოლო ორი ტრაგიკული შემთხვევის ობიექტურ გამოძიებასა და კანონის შესაბამისად დამნაშავეთა დასჯასაც ითხოვენ.
აქცია ხვალ, 12 საათზე, განახლდება. მეშახტეები პროფკავშირებისა და რამდენიმე სამრეწველო ქალაქის მუშათა წარმომადგენლების მხარდაჭერასაც ელოდებინ.
ნათია მურუსიძე
კომენტარები გამორთულია