18301934_1771384923172592_2517763343873894614_n

„საქნახშირი“ განცხადებას ავრცელებს

  ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილთა ოჯახებს კომპანია „საქნახშირი“ კომპენსაციას მისცემს.

  ამის შესახებ განცხადება კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ჯამბულ ჯაყელმა უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

  მისი თქმით, კომპანია საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

  „მინდა, დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო. ასევე მინდა, მივუსამძიმრო კოლექტივს. ძალიან კარგი, პროფესიონალი წევრები დავკარგეთ. კომპანიას რაც შეეხება, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. კომპანია მზად არის, კომპენსაცია და დახმარება გაუწიოს ოჯახის წევრებს,“ - განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

  მაშველებმა ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილი მეშახტეების ცხედრები, თითქმის, 14-საათიანი სამაშველო სამუშაოების შემდეგ ამოიყვანეს.

  გარდაცვლილთა ცხედრები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

  შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტში გუშინ, დაახლოებით, 18:00 საათზე მოხდა, როცა მეშახტეები სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მოწყობილობა მოსწყდა და შახტში ჩავარდა.

  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„საქნახშირის“ ადმინისტრაცია