„საქნახშირის“ მომავალი ახალი სტრატეგიული გეგმით

„საქნახშირის“ მომავალი ახალი სტრატეგიული გეგმით

  ტყიბულის „საქნახშირში,“ სადაც დაახლოებით 1500-მდე მეშახტეა დასაქმებული, 2017 წლის იანვრის თვეში საწარმოო პროცესი გაჩერდა. არსებობდა მრავალი მითქმა-მოთქმა შახტების დახურვის თაობაზე. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუ ქვანახშირის მრეწველობა შეჩერდებოდა, ქალაქი სიცოცხლისუნარიანობასაც დაჰკარგავდა, ულუკმაპუროდ დარჩებოდა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და დიდი მიგრაციის საფრთხის ქვეშ დადგებოდა მუნიციპალიტეტიც. მაგრამ, „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფმა, თებერვლის თვეში მუშაობა მთელი დატვირთვით, გადაიარაღებული ტექნიკით, ახალი სტრატეგიული გეგმით, განაახლა.

  საწარმოში არსებულ სიახლეებზე, მიმდინარე პროცესებზე „საქნახშირის“ გენერალურ დირექტორს, ბ-ონ ჯამბულ ჯაყელს, სასაუბროდ ვეწვიეთ.

  • -ნო ჯამბულ, რით იყო გამოწვეული „საქნახშირის“ ერთთვიანი პაუზა, რამაც შახტის გაჩერებაზე ქალაქში მითქმა-მოთქმა გამოიწვია?
  • ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ შახტა ამ ერთი თვის მანძილზე გაჩერებული იყო. მინდა თამამად ვთქვა, რომ ეს არც მოხდება, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, როგორ შევძლოთ ქვანახშირის მოპოვების გაზრდა. ამისათვის გვაქვს 2017-დან 2036 წლამდე მრეწველობის აღორძინების სტრატეგიული გეგმა. თუ წელს ნახშირის მოპოვების 400 ათას ტონას ვგეგმავთ, მომავალ წელს იგი 500 ათასამდე მიაღწევს. ტვირთბრუნვა 100 ათასით გაიზრდება. ასევე, ვგეგმავთ, რომ გაისისათვის ერთი ახალი მოპოვებითი უბანიც გავხსნათ და დავამატოთ.

   მართალია, საწარმოო პროცესი სრული დატვირთვით, იანვრის თვეში, არ მუშაობდა, მაგრამ, კომპანიამ მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა. შევცვალეთ 1კმ-მდე სიგრძის სარკინიგზო მაგისტრალი. შევიძინეთ ახალი თანამედროვე ტექნიკა, ქანსატვირთი მანქანა, ფუჭი ქანის დამტვირთავი ჰიდრო ჩაქუჩით. ნახშირის გადამტანი თვითმცლელი ვაგონები და მისი გადამზიდი ავტომანქანა, მეშახტეებისათვის ახალი სპეცტანსაცმელი. ეს ერთთვიანი პერიოდი იყო მოსამზადებელი, აუცილებელი, რათა „საქნახშირში“ გეგმიური სამუშაოები ჩაგვეტარებინა.

   ბურღვა-აფეთქება - გვირაბგამყვანმა კომბაინმა შეცვალა, ქვანახშირის ხელით ტვირთვა - ქანსატვირთმა მანქანამ და ამით დაჩქარდა მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები. თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ახალი ველებისა და შრეების გაყვანითი პროცესები.

  აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ზედამხედველობისა და ჯანდაცვის შენიშვნებსა და მოწერილობებში, ჩატარებული საქმიანობის მიხედვით, მინდა, განვაცხადო რომ, კითხვის ნიშნები აღარ არსებობს და ყველაზე დიდი პრობლემებიც ამ კუთხით მოგვეხსნა.

  • მეტად მტკივნეულად აისახება ხოლმე შემცირების, რეორგანიზაციის საკითხები დასაქმებულ ადამიანებზე. რამ განაპირობა, რომ ეს რეფორმა თქვენს საწარმოშიც გატარდა?
  • მე ვიტყოდი, ეს აუცილებლად გასატარებელი რეფორმაა, რადგან ხანდაზმულობის ასაკი (მაგალითად 70-75 წელი), მძიმე მრეწველობის საწარმოში, შეიძლება საფრთხის მატარებელიც იყოს, ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მართალია, რეფორმა ამ კუთხით გავატარეთ, მაგრამ სერიოზული დეფიციტია პროფესიონალი კადრების მხრივ. ჩვენ მოგვიხდა, იძულებით, არასაშტატო განრიგით დაგვექირავებინა მთ. ენერგეტიკის მოადგილე, მთ. მარკშეიდერი, მთ. მექანიკოსი, მთ. გეოლოგი, ამწე-მანქანების უბნის უფროსი, ტექნიკური ჟანგბადის ქარხნის უფროსი, რიგითი მარკშეიდერი და ორთვიანი კონტრაქტით აგვეყვანა ისინი ისევ სამსახურში.

ესაუბრა ნანა რაზმაძე