01

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი ფრენბურთში

  საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გრძელდება. ტყიბულში მუნიციპალურ ეტაპზე შეჯიბრი, ამჯერად, ფრენბურთში მოეწყო, რომელიც N5 საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ, როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა გუნდები შვიდი საჯარო სკოლიდან, აქედან - ქალაქის N1, N2, N4, N5 და N6, ხოლო სოფლების - საწირისა და ხრესილის სკოლების წარმომადგენელები. დებულების თანახმად ჩართულობა მხოლოდ 2002-03-04 წლებში დაბადებულ მოსწავლეთათვის იყო დაშვებული. წილისყრით გამოვლენილ იქნა მოპაექრეთა ვინაობა. ასპარეზობა გოგონებმა დაიწყეს. თითოეული გუნდის შემადგენლობა 6 - ძირითადი, 6 სათადარიგო სპორტსმენითა და 1 მწვრთნელ-მასწავლებლით განისაზღვრა. შეხვედრები 15 ქულის მოგროვებამდე ორ თამაშად მიმდინარეობდა, ფრეს შემთხვევაში კი, გამარჯვებულს მესამე თამაში ავლენდა.

  ღონისძიებას ორგანიზება მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუკეთა, ხოლო საშეჯიბრო გეგმა-გრაფიკის მომზადება, მსაჯთა შერჩევა და საჭირო სპორტული ინვენტარით ოლიმპიადის უზრუნველყოფა ა.(ა).ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა“ განახორციელა.

  რამდენიმესაათიანი აზარტული გათამაშების შემდეგ ფრენბურთში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. გოგონებში ფინალური შეხვედრების შედეგად, ხრესილისა და N5 საჯარო სკოლებს შორის, რეგიონული ტურის საგზური ამ უკანასკნელს ერგო წილად, ხოლო ვაჟებს შორის დაპირისპირების შედეგად, საწირისა და N1 სკოლის გუნდებში, მომდევნო ეტაპზე მონაწილეობის უფლება საწირის ფრენბურთელებს მიენიჭათ.

  შეგახსენებთ, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური თამაშები, ტყიბულში, 24 ოქტომბრიდან დაიწყო და ცალკეული სახეობების მიხედვით, სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოსათვის დასრულდება, სადაც გამოვლენილი გოგონათა და ვაჟთა გამარჯვებული გუნდები მომდევნო, რეგიონულ, ეტაპზე განაგრძობენ ასპარეზობას.

ნათია მურუსიძე

02 03 04 05 06 07 08 09 0010 0011