52313924_2437170246353103_4849921347461054464_o (1)

სანდრო ბუცხრიკიძეს 28 წელი შეუსრულდებოდა

  ტყიბულის მუნიციპალური თეატრის მსახიობს, მეშახტეს, ქველმოქმედსა და მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულ ახალგაზრდას, სანდრო ბუცხრიკიძეს, 5 თებერვალს 28 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ, ამ დღეს სანდროს საცხოვრებელ სახლთან მემორიალური დაფა გაიხსნა, სადაც იგი 1991-2018 წ.წ. ცხოვრობდა. გასულ წელს, ტყიბულში, ნახშირის ღია მოპოვების კარიერზე, ტრაგიკულმა შემთხვევამ მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვალების შემდეგ სანდრო საქართველოს პრეზიდენტმა, უპოვარ მოხუცთა და უძლურთა შემწეობისა და მფარველობისათვის, წმინდა ნიკოლოზის ორდენით დააჯილდოვა.

  მემორიალური დაფის გახსნის პატივი სანდროს მეგობრებს ნათია ხაბურზანიას და ირაკლი კერესელიძეს ერგოთ. ცერემონიალს, რომელსაც მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენელი, მაია ბრეგაძე უძღვებოდა, მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, სანდროს ოჯახის წევრები, მეგობრები და თანაქალაქელები ესწრებოდნენ.

  ამ თარიღთან დაკავშირებით, გარდა მემორიალური დაფის გახსნისა, მოეწყო სხვადასხვა ღონისძიებები. საფლავზე აღევლინა სანდროს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, „სანდროდან – თეატრამდე“ მოეწყო უწყვეტი ცოცხალი ჯაჭვი, რომელშიც ძირითადად მოსწავლე-ახალგაზრდები იყვნენ ჩართულნი. ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის ფოიეში კი გაიხსნა სანდრო ბუცხრიკიძის მემორიალური კუთხე, სადაც გამოფენილი ფოტოები მისი როლების შესახებ გვიამბობენ.

  აქტივობებით დატვირთული დღე თეატრში გამართულმა ხსოვნის საღამომ, - „სან-დრომ“ დაასრულა. ღონისძიების მთავარი მონაწილეები იყვნენ კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორის პირველი მოადგილე, რეჟისორი, ლალი კუბლაშვილი, თეატრის დასის მსახიობები, მარინა ბრეგაძე, ნათია ხაბურზანია, ირაკლი კერესელიძე და თორნიკე გოტიაშვილი. მათ შეკრებილ მრავალრიცხოვან აუდიტორიას სანდროს ცხოვრების ეპიზოდები მხატვრულად უამბეს. მის მიერ უშურველად გაცემული სიკეთისა და სიყვარულის შესახებ ესაუბრნენ, როგორც უანგარობის, ერთგულების, მეგობრობის, მზრუნველობის, შრომისმოყვარეობისა და სხვა უამრავი სიკეთეების საუკეთესო მაგალითებზე. ტყიბულის თეატრმა სანდრო აღმოაჩინა, როგორც შემოქმედი და სცენაზე ფეხის შედგმიდან მისი ოჯახის წევრად აქცია. ის მსახიობობასთან ერთად იყო სცენის მუშა, აკომპანიატორი, დეკლამატორი და კიდევ უამრავი საქმე ებარა. იყო ქველმოქმედი, აქტიური მოხალისე; აკეთებდა უამრავ მადლიან საქმეს; ეხმარებოდა ხანდაზმულებსა და შეჭირვებულებს; წმენდდა მიტოვებულ საფლავებს; თითოეულ სიტყვასა და წამს კეთილ საქმედ აქცევდა.

  ხსოვნის საღამოზე  მოწყობილ ეკრანზე მაყურებლისათვის წარმოდგენილი იყო სურათები სანდროს ბავშვობიდან მოყოლებული. განსაკუთრებული ემოციური ფონი ვიდეოკოლაჟებმა შექმნა, რომელიც სანდროს როლებისა და მისი, როგორც ნიჭიერი მსახიობის შესახებ მოგვითხრობდა საინტერესო ამბავს, - „სან-დრო“. გარდა ამისა, თეატრის სცენიდან იმ სასიკეთო და სამაგალითო აქტივობების შესახებ მოგვითხრეს, რომლებიც პროექტის „დღეს მე ვარ სანდროს“ ფარგლებში განხორციელდა.

  თეატრში გამართულ ხსოვნის საღამოში ჩართულნი იყვნენ ილია II-ის სახელობის სასულიერო თეატრსტუდიის აღსაზრდელები, N6 საჯარო სკოლისა და მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები და ინდივიდუალური შემსრულებლები.

  ღონისძიებას ორგანიზება კულტურის ობიექტების გაერთიანების მუნიციპალურმა თეატრმა (ხელმძღვანელი: მარინა ბრეგაძე) და კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორის პირველმა მოადგილემ, სცენარის ავტორმა, ლალი კუბლაშვილმა, გაუწიეს.

მარი ბაბუხადია