215_0599_01.MP4.Still119

საახალწლო ღონისძიება მოსწავლეთა სასახლეში

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ტრადიციულად წინასაახალწლო ღონისძიებებს მართავს, რომელშიც წელს მოზარდთა განსაკუთრებულად აქტიური ჩართულობაა. ამჯერად, სასახლის აქტივისტებმა, ბავშვთა გაერთიანებებმა „ბასტი ბუბუმ“ (ხელმძღვანელი მარინა ციცქიშვილი), „ანა-ბანამ“ (ხელმძღვანელი ელისო დონაძე) და ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიჭაბუკის“ (ხელმძღანელი თამაზ დვალი) სოლისტებმა, ნორჩ დეკლამატორებთან ერთად საათნახევრიანი პროგრამით მიულოცეს მაყურებელს  დამდეგი შობა-ახალი წელი. სასახლის სასწავლო ნაწილის გამგე, მადონა ესებუა, სცენიდან მიესალმა მაყურებელს და ასპარეზი ნორჩ წამყვანებს ნინო ბოჭორიშვილსა და თამარ აბესაძეს დაუთმო. წარმოდგენილი იყო 15-მდე ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომერი. პატარების მრავალფეროვანი კოსტუმები სადღესასწაულო განწყობას ერთი-ორად აფერადებდა. თითოეული სიმღერა თუ საცეკვაო კომპოზიცია ზამთრისა და ახალი წლის თემატიკას ეხმიანებოდა. ბავშვები, თავიანთი აქტიურობით, თოვლის ბაბუას დაინტერესებას ცდილობდნენ, ბოლოს კი, ერთხმად მოუხმეს და ხმამაღალი შეძახილებით მიიწვიეს სცენაზე მხიარული და ენერგიული სანტა.

  ღონისძიებას კულტურის ობიექტების გაერთიანებისა და სასახლის დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

ნათია მურუსიძე