a11

საახალწლო კონცერტი ჯგუფ „ამნეზიასთან“ ერთად

  2019 წლის დამდეგს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ადგილობრივებს განსხვავებული ფორმატის სადღესასწაულო კონცეტი შესთავაზა. მათ საახალწლო განწყობაზე ქარულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, „ამნეზიამ,“ იზრუნა.

  თეატრის სცენიდან მაყურებელს ღონისძიების წამყვანი, მაია ბრეგაძე, მიესალმა და რამდენიმე სიტყვით, ჩვენი ქალაქის რეალობიდან, 2018 წლის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს შეეხო. მათ შორის - შახტში დატრიალებულ საშინელ ტრაგედიებს. ამასთან ერთად, მწუხარება გამოხატა საკრებულოს დეპუტატის, ღვაწლმოსილი კულტურის მუშაკის, ბონდო კუბლაშვილის, გარდაცვალების ფაქტზეც. მიუხედავად ამ ლირიული ჩანართისა, ახალი წლის შემობრძანებას ჩვენი მუნიციპალიტეტი იმედიანი და უკეთესი მომავლის წრმენით ხვდება. განსხვავებული საზეიმო დეკორაციებით მორთულმა სცენამ დარბაზშიც ემოციური მუხტი შექმნა, რომელსაც „ამნეზია“ თემატური სიმღერით გამოეხმაურა. ჯგუფი მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობებმა, ალექსანდრე ბეგალიშვილმა, გიორგი ყველაშვლმა და გოგა მოძმანაშვილმა, ერთ წლის წინ ჩამოაყალიბეს. მათ სიმღერებში მთავარი აქცენტი არა მელოდიაზე, არამედ ტექსტებზე კეთდება, რომელთაც თავად ქმნიან. თუმცა, მათში არა პოლიტიკურ ლოზუნგებს, არამედ სოციალური ყოფის ნიუანსებს ეხმიანებიან, იმასაც, რასაც გრძნობენ და პირადად განიცდიან. როგორც ალექსანდრე ბეგალიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რეპერტუარში 25-მდე სიმღერა დაუგროვდათ, რომელთა ტექსტებში ჟარგონი და სლენგიცაა გამოყენებული და ძირითადად კლუბურ მუსიკად იქმნება, მაგრამ ვინაიდან ტყიბულელ მაყურებელთა შორის მოზარი თაობა ჭარბობდა, ამ სიმღერების გადარჩევა მოხდა.

  კონცერტის პარალელურად ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სახელით 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენებისა და წარმატებული მწვრთნელების დაჯილდოება მოხდა. გარდა ამისა, წელს პირველად კულტურისა და ხელოვნების სფეროს დამსახურებული მუშაკებიც დასახელდნენ. ამ კატეგორიებს საპატიო სიგელები და სიმბოლური ფულადი პრემიებიც გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ტყიბულის მუნციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მიიღო.

  წინასაახალწლო კონცერტით შექმნილი სადღესასწაულო ამაღლებული განწყობა, კარლო ლომაძის სახელობის მოედანზე გაშვებულმა გრანდიოზულმა ფოიერვერკმა დააგვირგვინა.

ნათია მურუსიძე