215_0599_01.MP4.Still244.jpg.Still002

პატრიარქის ღვაწლისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება

  ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში უკვე ტრადიციადქცეული საქველმოქმედო ღონისძიება სათაურით „მოუარეთ საქართველოს“ გაიმართა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ღვაწლს - ქვეყნისათვის.

  კონცერტი თეატრალური ნომრით კულტურის ობიექტების გაერთიანების დირექტორის I-მა მოადგილემ და საღამოს წამყვანმა, ლალი კუბლაშვილმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, მარინა ბრეგაძემ გახსნეს.

  საღამოს მსვლელობისას მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მერიისა და საკრებულოს სახელით დააჯილდოვა ჩვენი თანაქალაქელი, წარმატებული ძიუდოისტი, ევროპის თასის მფლობელი, ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიადის ვერცხლის მედლის პრიზიორი, ილია სულამანიძე და ამ დღისთვის მოწვეული სტუმარი ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე. მათ ადგილობრივი თვითმმართველობისაგან საგანგებოდ მათთვის დამზადებული ფასიანი ორიგინალური საჩუქრები, საპატიო სიგელებთან ერთად საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. ორივე სპორტსმენს ასევე, სპორტული ცენტრის სახელით, სამახსოვრო საჩუქრები, სპორტული ცენტრის დირექტორმა, ვარლამ კობახიძემ, გადასცა. აღსანიშნავია, რომ ილია, ასევე სტუმრად მოწვეულმა იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რევაზ რობაქიძემ, სამახსოვრო სუვენირით დაასაჩუქრა და წარმატებები უსურვა მას. გარდა ამისა, მერიისა და საკრებულოსაგან ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა ილია სულამანიძის პირადი მწვრთნელი, გია ობოლაძე.

  თეატრში წარმოდგენილ საკონცერტო პროგრამაში საცეკვაო ნომრებით ჩართული იყო ადგილობრივი ანსამბლი „ცხრაჯვარი.“ ქორეოგრაფიული კომპოზიციები მაყურებელს, ასევე ილია II-ის სახელობის საბავშვო-სასულიერო თეატრ-სტუდიის აღსაზრდელებმა წარმოუდგინეს. ტყიბულელმა ახალგაზრდამ, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულმა, ნინაკა გაბუნიამ კი საბალეტო ნომერი ჭთამბეჭდავად შეასრულა. ვოკალით საღამო ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა, თინათინ ნემსაძემ და სერგო ქუთათელაძემ, ასევე, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა ნათია გოქაძემ და ხათუნა გაბელაშვილმა გაალამაზეს. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ორპირის საჯარო სკოლაში ახლადდაარსებული თეატრალური წრის „მახარობლების“ აღსაზრდელთა დებიუტიც შედგა. ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ, ასევე მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის წარმომადგენლები: - პედაგოგი ნინო ხაჭაპურიძე, მოსწავლეები - ანა-მარია ჭელიძე და მარიამ საკანდელიძე.

  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქვეყნისათვის გაწეული ღვაწლისადმი მიძღვნილი კონცერტი მისივე შექმნილი საგალობლით დასრულდა. საქველმოქმედო საღამოზე შემოწირულობით შეგროვებული თანხა ჭყეპის მაღალოურის უბანში მშენებარე ტაძრის ბარძიმისათვის იქნება გამოყენებული.

  პროექტი კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებით განხორციელდა. ღონისძიების სცენარის ავტორი კი, ამავე ორგანიზაციის დირექტორის I მოადგილე ლალი კუბლაშვილია.

  თეატრში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ სასულიერი პირები ტყიბულის ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა დავითი და ჭყეპის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა ნიკოლოზი, მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია კობახიძე, სტუმრად მოწვეული, მუნიციპალიტეტის გამგებელი 2014-17 წ.წ. რობიზონ გვენეტაძე, იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მარი ბაბუხადია