323

მურმან ჯინორიასა და ლაშა ღლონტის შემოქმედებითი საღამო ტყიბულში

  ა.(ა.)ი.პ. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების“ ინიციატივითა და ორგანიზებით თეატრის სცენამ მურმან ჯინორიასა და ლაშა ღლონტის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა. ქართული პოეტური სიტყვითა და მუსიკის სინთეზით შეჯერებული პროგრამით მათ უკვე ანშლაგებით მოიარეს არა მარტო მთელი საქართველო, არამედ საგასტროლო ტურნეები ა.შ.შ-სა და ევროპის ქვეყნებშიც გამართეს.
ტყიბულელი მსმენელი განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი შეხვდა პოპულარული ლირიული სიმღერების შემსრულებელსა და რუსთაველის თეატრის ტიტულოვან მსახიობს. ლაშა ღლონტმა ყველასათვის ცნობილი, ქართული საესტრადო სიმღერები ცოცხლად შესთავაზა პუბლიკას. მათი უმრავლესობა მამუკა ჩარკვიანისა და დავით არჩვაძის ავტორობითაა. მუსიკოსმა გაიხსენა თითოეულ კომპოზიციასთან დაკავშირებული საინტერესო ეპიზოდები. პროფესიით ექიმისათვის არც თუ დიდი ხანია, რაც სიმღერა ყველაზე სასიამოვნო საქმიანობად იქცა და მსმენელსაც თავი შეაყვარა. 72 წლის მსახიობის, ბატონი მურმანის მონო-სპექტაკლმა, „ქარი მწყურია მე პირდაპირი,“ რომელიც რუსთაველის თეატრის რეპერტუარშია მუდმივად, გარკვეული საკონცერტო ფორმა შეიძინა. მსახიობმა ქართული კლასიკური პოეზიის უბრწყინვალესი ნიმუშებისაგან შემდგარი კომპოზიციები წარმოადგინა. მან გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, შოთა ნიშნიანიძის, ილია ჭავჭავაძის, მურმან ლებანიძის, მუხრან მაჭავარიანისა და სხვა ქართველი კლასიკოსი პოეტების შემოქმედება გააცოცხლა სცენაზე და თავისი შთამბეჭდავი, გამორჩეული ხმით გადმოსცა მთელი ემოცია, რაც ამ სტრიქონებს თან ახლდა.
მაყურებელმა, რომელთა შორის ტყიბულელებთან ერთად ქუთაისისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც იყვნენ, ხანგრძლივი ტაშითა და ოვაციებით მიიღო თითოეული პოეზიის ნიმუში თუ მუსიკალური კომპოზიცია და სასიამოვნო მუხტით, მომავალში კვლავ შეხვედრის იმედით დაემშვიდობა საყვარელ სცენის ოსტატებს. 


ნათია მურუსიძე